„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის კონსტიტუციურობის საკითხის სხვა პარტიებისგან ცალკე საქმედ გამოყოფასა და დამოუკიდებლად განხილვას მოითხოვს

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და მოითხოვს, მისი კონსტიტუციურობის საკითხი სხვა პოლიტიკური პარტიებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს და დამოუკიდებლად განიხილონ. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ თითოეული პოლიტიკური გაერთიანების კონსტიტუციურობის საკითხი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

მათი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაასაბუთოს, რა სამართლებრივი საფუძვლითა და მტკიცებულებებით მოითხოვს ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის აკრძალვას, რომელიც მონაწილეობდა კონსტიტუციურ პროცესებში, არჩევნებსა და სხვადასხვა კომისიის მუშაობაში.

„მიგვაჩნია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიების  კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხის ინდივიდუალურად განხილვა ის მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია, რაც  ფორმალურად მაინც უნდა შესრულდეს და „ოცნებამ“ პასუხი გასცეს მისსავე ამომრჩეველს, რა კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლითა და მტკიცებულებებით კრძალავს ერთადერთ ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას ქვეყანაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველა კონსტიტუციურ პროცესში, ყველა საერთო ეროვნულ არჩევნებში, ყველა კომისიაში.

ეს ფუნდამენტურად ანგრევს „ოცნების“ ყალბ ნარატივს – თითქოს კრძალავს ე.წ. „ბოიკოტისტებს“, რაც თავის მხრივ, „ოცნების“ მხრიდან ასევე არაკონსტიტუციური მიდგომაა. სარჩელში ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის დამატება  ადასტურებს, რომ „ოცნების“ მიზანი ქვეყანაში განსხვავებული აზრის არასკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი საბოლოოდ აკრძალვაა, რათა შემდგომ ხელოვნურად შექმნას მართული ოპოზიცია და მისი დალაგებული პოლიტიკური კონფიგურაციით  არჩევნების ილუზია გააჩინოს ქვეყანაში.

კონსტიტუციურ სარჩელში ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა აბსურდული და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია და არსებითად წარმოადგენს 2024 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მიერ  გიორგი გახარიასადმი საჯარო მუქარის გაგრძელებას. ამ მუქარის განხორციელება გიორგი გახარიაზე ჯერ ფიზიკური თავდასხმებით დაიწყო, შემდეგ კი გაგრძელდა მისი პოლიტიკური დევნით შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე ჩორჩანასა და 20 ივნისთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გიორგი გახარიას პოლიტიკური განეიტრალებისთვის და ამ მუქარის რეალიზება ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვით გრძელდება.

ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით ბრძოლის ყველა კონსტიტუციურ ველზე, ყველაზე უთანასწორო ბრძოლებში – იმ მიზნით, რომ დავპირისპირებოდით „ოცნების“ პროპაგანდას და ტყუილებს და ჩვენი მოქალაქეები „ოცნების“ პირისპირ, მარტო არ დაგვეტოვებინა. ახლაც იმავეს ვაპირებთ:

საკონსტიტუციო სასამართლოში გასამართ პროცესში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მივიღებთ, რათა ეს სამარცხვინო პროცესი დოკუმენტურად დარჩეს საქართველოს ისტორიას ყველა იმ გვარ-სახელით, რომელიც ქვეყანაში განსხვავებული აზრის განადგურებას და ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას უხეიროდ ცდილობს. ყველა მათგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ვერავინ შეძლებს მისგან გაქცევას, ვერცერთი ორგანიზატორი, ვერცერთი ხელმძღვანელი და ვერცერთი თანამონაწილე“, – განაცხადა სიჭინავამ.

21, 22 და 23 ოქტომბერს 12:00 საათზე საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის სარჩელის არსებითი განხილვა გაიმართება.

საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილია  შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა:

  • „ნაციონალური მოძრაობა“;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“;
  • „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“;
  • „ფედერალისტური პარტიის“;
  • „გახარია საქართველოსთვის.

საკონსტიტუციო სარჩელი „ქართული ოცნების” პარლამენტის 88 წევრის მიერ არის შეტანილი.