გახარია: სრულგანაკვეთიან პედაგოგებს ხელფასი დაახლოებით 300 ლარით გაეზრდებათ

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე გასული წელი შეაჯამა.

გახარიამ განაცხადა, რომ ბიუჯეტის მიხედვით, ყველა პენსიონერს, ასევე პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პენსია გაეზრდებათ 20 ლარით, ასევე 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს გაეზრდებათ დამატებით 30 ლარით და მთაში მცხოვრებ პენსიონერებს, რომლებმაც უკვე 70 წელს მიაღწიეს, თვიური პენსია დაახლოებით 300 ლარი ექნებათ.

პრემიერის განცხადებით, ასევე სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი გაიზრდება დაახლოებით 300 ლარით.

„2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული და განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოების იმ ფენებზე, რომლებსაც განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ. ესენია – ბავშვები, ღვაწლმოსილი პენსიონერები, ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცავები და ჯარისკაცები. ამ წლის ბიუჯეტით, შესაბამისი სახელფასო ზრდები ექნებათ როგორც ბაღის მასწავლებლებს, ასევე პედაგოგებს, სასწრაფოს და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და კულტურის მუშაკებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.