ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერისგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის ახალი სისტემასთან დაკავშირებით განმარტებებსა და ამ სისტემის დროებით შეჩერებას მოითხოვს.
ამის შესახებ თბილისის საკრებულოში, პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს და ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ მედიასთან განაცხადა. პრესრელიზს კი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთჯერადი მომსახურების საფასური ორმაგდება და მოქალაქეს 50 თეთრის ნაცვლად ერთი ლარის გადახდა მოუწევს.
„თბილისის მერია აპირებს გადახედოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საფასო პოლიტიკას და შემოიღოს ტრანსპორტისთვის ახალი საბარათე სისტემა და გაზარდოს, რაც ყველაზე მტკივნეულია, მგზავრობაზე ერთჯერადი მომსახურების საფასური, კონკრეტულად 50 თეთრი გააორმაგოს და გახადოს ერთი ლარი, რაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს მოქალაქეებს, იმ ფონზე, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და მთავრობა ვერ ახერხებს დაუპირისპიროს მას ქმედითი და თანმიმდევრული ზომები, ასევე იმ ფონზე, როდესაც არის რეკორდულად გაზრდილი ინფლაცია და ჩვენი მოქალაქეები ფაქტობრივად ყოველდღიურად იბრძვიან გადარჩენისთვის და ოჯახის შენახვისთვის“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
როგორც ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ აღნიშნავს, რომ საჭიროა პასუხი გაეცეს საზოგადოების შეკითხვას, რეალურად გაძვირდა თუ შემცირდა ტრანსპორტით მგზავრობის საფასური.
„მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, ვგულისხმობ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას და მისი ხელმისაწვდომ და კომფორტულ სარგებლობას, საკრებულოს უახლოებს სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე პირადად გამოცხადდეს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების წინაშე, რაც ჩვენი აზრით, წერტილს დაუსვამს გავრცელებულ მანიპულაციებს, სხვადასხვა ტიპის მოსაზრებებს გაძვირდა რეალურად თუ შემცირდა მგზავრობის ტარიფები.
ამავე დროს, ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ მოუწოდებს თბილისის მთავრობას და საკრებულოს, რომ დროებით შეჩერდეს აღნიშნული ინიციატივის გატანა, მოხდეს მისი განხილვა კომპეტენტური პირების და საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობით, იმისათვის, რომ თბილისელებს არ ჰქონდეთ არანაირი კითხვა და პრობლემა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ახალი ტარიფების შესახებ.
„ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს სატრანსპორტო რეფორმისა, კონკრეტულად, თუნდაც საბარათე სისტემისა, რომელიც გულისხმობს შეღავათებს ხანგრძლივ და მრავალჯერად მგზავრობაზე, თუმცა წინააღმდეგი ვიქნებით თუნდაც იმ მოქალაქეებისთვის მგზავრობის ტარიფის გაძვირებაზე, რომლებიც დღეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის სააბონენტო სისტემის შემოღება იგეგმება. მერიის ცნობით, სააბონენტო სისტემით მოსახლეობა ეკონომიას გააკეთებს, თუმცა ჩანს, რომ ეს ცვლილებები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მგზავრობას გაუძვირებს.
სააბონენტო სისტემის პაკეტები ამგვარადაა განფასებული
- 90-წუთიანი ბარათი – 1 ლ;
- ერთდღიანი ბარათი – 3 ლ
- ერთკვირიანი ბარათი – 20 ლ;
- ერთთვიანი ბარათი – 40 ლ;
- სამთვიანი ბარათი – 100 ლ;
- ექვსთვიანი ბარათი – 150 ლ;
- ერთწლიანი ბარათი – 250 ლ.