საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადი მგზავრობა 1 ლარი ხდება

პუბლიკა

მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის ულიმიტო სააბონემენტო სისტემა შემოაქვს. თებერვლიდან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე სხვადასხვა ტიპის აბონემენტი. აბონემენტების ფასი ხანგრძლივობის მიხედვით სხვადასხვაა, თუმცა ერჯერადი მგზავრობის შემთხვევაში მგაზვრობის ღირებულება ერთი ლარი ხდება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს ყველაფერი დაინერგება პირველი თებერვლიდან, აბონემენტების გაყიდვა კი 5 იანვრიდან მეტროს სალაროებში, ასევე საქართველოს ბანკის ექსპრესფილიალებში გახდება შესაძლებელი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები:

1. ულიმიტო 90 წუთიანი ბარათი – 1 ლ – (იმ ადამიანებს, ვინც ხშირად არ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდება შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა – 90 წუთის განმავლობაში ერთ ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა – მეტრო, ავტობუსი, მიკრავტობუსი და ტრანსპორტის ამ ტიპებს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდის 90 წუთის განმავლობაში).

2. ულიმიტო ერთდღიანი ბარათი – 3 ლ. – (ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად);

3. ულიმიტო ერთკვირიანი ბარათი – 20 ლ. (ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი კვირის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად ტურისტებზეა გათვლილი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათები უფროა გათვლილი, რომელიც ბევრად შეღავათიან ფასში უზრუველყოფს ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირებას);

4. ულიმიტო ერთთვიანი ბარათი – 40 ლ – (ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ჩვენი გათვლებით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზ.ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაც მათ თვიურ დანახარჯს მინიმუმ 50-60 ლარით განსაზღვრავს. აღნიშნული ბარათის მფლობელები თვის მანძილზე ტრანსპორტზე დანახარჯებზე საშუალოდ 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ);

5. ულიმიტო სამთვიანი ბარათი – 100 ლ. (ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის);

6. ულიმიტო ექვსთვიანი ბარათი – 150 ლ. (ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს);

7. ულიმიტო ერთწლიანი ბარათი – 250 ლ. (ერთწლიანი ბარათის მფლობელს კი თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა);

კალაძის თქმით, ძალაში რჩება ყველა საშეღავათო პროგრამა, მთელი რიგი საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის.

უფასო მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ:

1) თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები;

2) მოსწავლეები;

3) უბნის ინსპექტორები და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

4) თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები;

5) თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები და სხვა.

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ:

1) თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები;

2) საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები;

3) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები; 4) პენსიონერები;

5) თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები;

6) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები და სხვა .

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ:

1) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.