პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას” გახარიას პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის” ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ, პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა.
ლილუაშვილის თქმით, უერთდებიან ქარტიაში წარმოდგენილი რეფორმების ნაწილს, ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების და დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე კი აქვთ განსხვავებული აზრი.
„მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს”, – თქვა ლილუაშვილმა.
პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას” ხელს ასევე არ აწერს პარტია „გირჩი” და ლეიბორისტული პარტია.
ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქარტიაზე ხელმოწერად დღეს აპირებენ მისვლას. დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა ეკა ბესელიამ.