„ქართულ ქარტიას" ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელს დღეს მოაწერენ

პუბლიკა

„ქართულ ქარტიაზე” ხელმოსაწერად დღეს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სასახლეში პოლიტიკოსები აპირებენ მისვლას.

როგორც ცნობილია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრეზიდენტთან ცალ-ცალკე მივლენ. ხელმოსაწერად უკვე მივიდა ეკა ბესელია.

ბესელია ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა „არსებული კრიზისიდან გამოსავლის გეგმაა”, რომელსაც მისი თქმით, უნდა შეუერთდეს ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მიუხედავად მათი განსხვავებული პოზიციებისა და „ერთმანეთის მიმართ არსებული კრიტიკული განწყობებისა”.

„ქარტია ახლა მიმაჩნია ყველაზე მნიშვნელოვან ერთიან სამოქმედო ხედვად და გზად საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე. ამ დოკუმენტს არამხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ხალხის მხარდაჭერა სჭირდება. პრეზიდნეტმა თავისი ინიციატივით, ამ კრიზისიდან გამოსავლის ხედვა, გეგმა და მომავლის რუკა შესთავაზა ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული იდეა. [დოკუმენტს] ყველამ უნდა მოაწეროს ხელი მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა და ერთმანეთის მიმართ კრიტიკული გაწყობებისა. ეს იქნება პირობა, რომელსაც ხალხის მანდატის მიღების შემდეგ პოლიტიკოსები დადებენ და, ვინც პარლამენტში მოხვდება, შეასრულებს.“, – თქვა ბესელიამ.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას არ უერთდება  და დოკუმენტს ხელს არ აწერს „გირჩი“, გახარიას „საქართველოსთვის” და ლეიბორისტული პარტია.

სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტიის” ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება 26 მაისს შესთავაზა.

ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და ჩაატარებს მას თავისუფალ გარემოში. პრეზიდენტმა თქვა, ოქტომბრის არჩევნები არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ – სახალხო რეფერენდუმი იქნება, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ირჩევს თუ არა ევროპას.