გახარიას პარტია მიხეილ ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალების თხოვნით მიმართავს.
ამის შესახებ განცხადება შალვა კერესელიძემ პარლამენტში გააკეთა.
„გაათავისუფლეთ პატიმრობიდან დაკავებული მაღაროელები: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე“, – თქვა მან და დასძინა, რომ „შესაბამის შუამდგომლობას პრეზიდენტს გაუგზავნის მიმდინარე სესიის დასრულებისთანავე“.
„ჩემი დღევანდელი პოლიტგანცხადება მინდა დავიწყო მოწოდებით და მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის მიმართ, რათა მოისმინოთ ჭიათურის მოსახლეობის წუხილი, მაღაროელების გასაჭირი და მათი სამართლიანი პროტესტი. ისინი ითხოვენ:
დაპატიმრებული ჭიათურელი მაღაროელების გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის, თენგიზ გველესიანისა და აჩიკო ჭუმბურიძის გათავისუფლებას;
შრომის რეალურ ანაზღაურებას, რის გამოც 3500 კაციდან 2000-ზე მეტი დასაქმებული მაღაროელი შემოსავლის გარეშე დარჩა;
ითხოვენ რთული და მაღალი რისკის სამუშაო პირობებიდან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვას;
ნედლეულის მიწისქვეშა წესით მოპოვებას, ვინაიდან ჭიათურაში დღეს უკვე სახეზეა ამოწურული რესურსები და თითქმის სრულად ათვისებული ღია კარიერები, მოსახლეობისგან დაცლილი და დანგრეული სოფლები, დაბზარული სახლები, იმედგაცრუებული ახალგაზრდობა, გაზრდილი მიგრაცია, დაბინძურებული გარემო და განადგურებული ინფრასტრუქტურა“, – თქვა შალვა კერესელიძემ.
20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა ჭიათურის პროტესტის ოთხივე დაკავებული მონაწილე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში და სასჯელის შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი დამნაშავედ ცნეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და სასჯელის სახით 4 წელი და 3 თვე მიესაჯათ.
საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალად ედებოდა შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა [225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი], ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა [225-ე მუხლის მე-2 ნაწილი].
თენგიზ გველესიანი ჭიათურაში პროტესტის 3 მონაწილესთან – გიორგი ნეფარიძესთან, მერაბ სარალიძესთან და აჩიკო ჭუმბურიძესთან ერთად 29 აპრილს დააკავეს.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ედავებიან შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას.
გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ საბოლოო სიტყვის უფლებით 12 იანვარს ისარგებლეს.
საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მათ ბრალი დაუმძიმდათ.