გახელაძესთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამოქმედებულია - პრემიერი

პუბლიკა

„გახელაძესთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ, სამწუხაროდ სულ რაღაც ცოტა ხნის წინ გვქონდა ასეთი შემთხვევა და ყველამ კარგად ნახა, რომ ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ.

ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ჩვენი მოქალაქე დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და  ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სახლში დაბრუნება“, – განაცხადა პრემიერმა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.