გახშირდა ცხოველების მიტოვებისა და მიუსაფარი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები - ვეტერინარი

პუბლიკა

ახალი კორონავირუსული ინფექციის (covid -19-ის) გავრცელების გამო, გახშირდა მიუსაფარი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისა და შინაური ცხოველების, ძირითადად, ძაღლებისა და კატების, სახლიდან გამოყრისა და მიტოვების ფაქტები.

ამის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე ბიოლოგმა ლევან ბუთხუზმა, მარიამ ჩხიკვიშვილმა (საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი) და ვეტერინარმა გიორგი მელაშვილმა ისაუბრეს.

მათი თქმით, აღნიშნული ფაქტები გამოწვეულია ზოგიერთ შემთხვევაში საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობით, არასწორი ინფორმაციის გარვცელებით, რომელიც არ ემყარება სანდო, მეცნიერულ კვლევას.

გიორგი მელაშვილის თქმით, სანამ არ დადგინდება, რომ მართლა ცხოველისგან მოხდა კორონავირუსის გადადება, მანამდე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. „აქედან გამომდინარე მიუღებელია ის, რომ ადამიანები ცხოველებს მოერიდონ, გამოაგდონ სახლიდან და ა.შ.” – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

„დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი გახლავთ ის, რომ ადამიანებს ინფორმაცია მივაწოდოთ იმის შესახებ, რომ კოვიდ-19-ის ცხოველებისგან ადამიანებზე და პირიქით გადადების ფაქტები არ დასტურდება. დღეისთვის პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ცხოველები ამ ეტაპზე covid 19-ით არ ავადობენ და საშიშროებას არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის, ამიტომ გაუფრთხილდით თქვენ მეგობრებს, გიყვარდეთ ისინი და ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებსაც ნურაფერს დაუშავებთ“, – განაცხადა მარიამ ჩხიკვიშვილმა.

„ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვეფხვს აღმოაჩნდა კორონავირუსი, თუმცა ეს დადატურებული არაა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაური ცხოველები წარმოადგენენ რისკს, მაგრამ არც ეს დასტურდება. ასევე არსებობს სოციალური პასუხისმგებლობის ამბავი და ჩვენი ცხოველები [სახლის ცხოველები] უნდა იყვნენ ჩვენთან. თუ მათთან ერთად ვიცავთ სოციალურ დისტანციას მათზე არაფერი გადავა”, – განაცხადა ლევან ბუთხუზმა.