გახარიას მიმართ კრიტიკულ წერილს კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი, რენდი ვებერი აქვეყნებს. ვებერი გახარიასადმი წერილში შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებზე უარის თქმის, ასევე, პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და საერთაშორისო და ამერიკული კორპორაციების შევიწროების გამო.
კონგრესმენის თქმით, უფრო და უფრო გახშირდა კოლეგების მხრიდან საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების შესახებ მოწოდებები. ვებერი მოუწოდებს გახარიას და საქართველოს მთავრობას, გადადგან შემხვედრი ნაბიჯები იმ შემაშფოთებელი ნიშნების საპასუხოდ, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხის თავისუფლებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას.
კონგრესმენი გახარიას მისამართით გაგზავნილ წერილს Twitter-ზე ასაჯაროებს.
„ეს წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჩემი სერიოზული წუხილის გადმოცემის მიზნით მივწერე“, – წერს ვებერი Twitter-ზე.
გთავაზობთ კონგრესმენის წერილს სრულად:
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გახარია
მე თქვენ გწერთ დღეს, რათა ჩემი ხმითაც შევუერთდე ორპარტიულ შეშფოთებას აშშ-ის კონგრესის წევრების მხრიდან, რომელიც ეხება საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გამუდმებულ უარყოფას და ამასთან თანმხლები ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებას.
საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე და აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ყოველწლიურად გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების გათვალისწინებით, ვალდებულად მივიჩნევ თავს, შევუერთდე კოლეგებს კონგრესში, რომლებმაც თქვენ მოგწერეს ბოლო კვირების განმავლობაში. მე ვუერთდები მათ შეშფოთებას, დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარის გამო; მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შესახებ ცნობების გამო და პოლიტიკური ოპონენტების, ახალი ამბების ჟურნალისტების, საერთაშორისო და ამერიკული კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების შეუფერებელი შევიწროებისა და მიზანში ამოღების გამო.
გასულ წელს მე შევუერთდი ჩემს კოლეგებს ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში, რათა მიგვეღო „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“, რომელიც ძირითად მიზნად ისახავდა თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რუსეთის მხრიდან ყველა ამ მიმართულებით არსებული ღია გამოწვევების ფონზე.
თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“ არ გამოხატავდა შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს ხელისუფლების შიდა მმართველობის „საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ მუშაობის“ (იხილეთ აქტის მე-2 სექციის, 1-ლი პარაგრაფი) საწინააღმდეგოდ სვლას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, თქვენს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 2017 წლიდან მოყოლებული 50%- ზე მეტით არის შემცირებული. ამასთან ერთად, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ახლახან გამოაქვეყნა 2019 წლის „კორუფციის აღქმის ყოველწლიური ინდექსი“, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოს მაჩვენებელი 2015 წლიდან მოყოლებული კლებას განაგრძობს ან სტაგნაციაში რჩება. ამავე ანგარიშის მიხედვით, „საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა კვლავაც ძირითადი გამოწვევაა პოლიტიკური სისტემის კეთილსინდისიერებისთვის საქართველოში“. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „სახელმწიფოს მიტაცება“ და „ძალაუფლების კერძო სუბიექტების ხელში კონცენტრაცია“ მიმდინარე გამოწვევებია. საბოლოოდ კი ანგარიში მიუთითებს „ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციის გამო საქართველოს ბოლო წლების მაჩვენებლის პროგრესის ნაკლებობაზე“.
შედეგად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ არსებული ჩავარდნა არ იწვევს გაკვირვებას, ვინაიდან ევროპული და ამერიკული ბიზნესინტერესებისთვის მსგავსი გარემო უკიდურესად არახელსაყრელი და შემზღუდველია. მათ უუქმებენ კონტრაქტებს და მათ მიმართ ხორციელდება ექსპროპრიაციის თავდასხმები. ჩემი მშობლიური ტეხასიდან ამის თვალსაჩინო მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანიის, „ფრონტერა რესურსის“ გამოცდილება.
კიდევ ერთი მაგალითი საქართველოში გარემოს გაუარესებისა, Facebook-ს უკავშირდება, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს და გააუქმეს ანგარიშების დიდი ქსელი, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ იყო დაკავშირებული და შემჩნეული იყო „კოორდინირებულ არაავთენტიკურ ქცევაში“, საქართველოში ოპოზიციური აზრის ჩახშობის მიზნით და აღვივებდა ანტიდასავლურ განწყობას, განსაკუთრებით აშშ-ის წინააღმდეგ.
ამ შემაშფოთებელი ტენდენციების გათვალისწინებით, აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში 2019 და 2020 წლებისთვის ხელი მოაწერა თანხის გამოყოფის ორ საკანონმდებლო აქტს, რომელიც სპეციფიკურად მიემართებოდა იმ შეშფოთებას, რომელიც გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპების უარყოფას და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში პირველად აშშ-ის მიერ თანხის გამოყოფის შესახებ კანონმდებლობის განხილვისას თქვენს ქვეყანას სიფრთხილითა და უარყოფითი კონოტაციით განიხილავენ.
განხილული ნეგატიური ტენდენციებისა და ყოველწლიური მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების ფონზე, უფრო და უფრო ხშირად ისმის მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო მოქმედებების შესახებ. მე შევუერთდი იმ კონგრესმენების მზარდ რაოდენობას, რომლებმაც საქართველოში ბიზნესის კეთილსინდისიერი პრაქტიკის შესახებ წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს.
საქართველო კვლავ აშშ-ის მნიშვნელოვანი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. მე ვიმედოვნებ, რომ მეგობრებს შორის გულწრფელი საუბარი მომავალში უფრო ძლიერ ურთიერთობებამდე მიგვიყვანს. ამ კონტექსტში, ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხელისუფლება მოძებნის გზებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ ქმედებების აღსაკვეთად, ხელს შეუწყობს ამერიკიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და საბოლოოდ იპოვნის გზებს იმ შემაშფოთებელი ნიშნების საპასუხოდ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხის თავისუფლებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას“.