გაკვირვებას იწვევს ბატონი ელჩის შეფასება - NGO-ები გერმანიის ელჩის განცხადებაზე

პუბლიკა

45 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ბატონი ჰუბერტ ქნირშის განცხადებას ეხმაურება,  რომელიც 25 ივნისს, გერმანიის საელჩოს ოფიციალური სოციალური ქსელის (Facebook) გვერდზე გამოქვეყნდა.

მიმართვაში ელჩი აფასებს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკულ პოზიციას, რომელიც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად, საქართველოს პარლამენტის წევრის, სოფიო კილაძის წარდგენას ეხება.

„უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივისცემა გამოვხატოთ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს, ისე გერმანელი ხალხის წინაშე. ასევე ვაფასებთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამავდროულად, აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ ელჩის საჯარო განცხადებას.

ბატონი ჰუბერტ ქნირში არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას სოფიო კილაძეზე პერსონალურ თავდასხმად აფასებს და პარალელს ავლებს პოლიტიკურ პარტიებს შორის არაჯანსაღ დაპირისპირებასთან. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღირებულ საქმიანობას და არა ამ ორგანიზაციების “ამ დონემდე დაშვებას”.

უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა გაეროს კომიტეტებში. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებოდით სახელმწიფოს პირველი მხარდამჭერები ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესში, თუკი ეს მოხდებოდა ღიად, გამჭვირვალედ, პროცედურებისა და გაეროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების სრული დაცვით.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციების შეფასებით, გაკვირვებას იწვევს ბატონი ელჩის შეფასება, როცა ის სამოქალაქო სექტორის დასაბუთებულ კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს.

„მსგავსი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მიემართება სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპების დარღვევას.

დემოკრატიული პროცესებისადმი პატივისცემის ფონზე, სასურველია არავინ მოახდინოს საკითხის პოლიტიზირება და ნებსით თუ უნებლიედ არ შეუწყოს ხელი სამოქალაქო სექტორის დასუსტებას ჩვენს ქვეყანაში.“ – იხილეთ განცხადება სრულად.


 

23 ივნისს 52-მდე ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს კომიტეტის ახალ წევრად სოფო კილაძის შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა.

განცხადებაში წერია, რომ 2020 წლის მეორე ნახევარში გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი რიგით მეთვრამეტე სესიაზე კომიტეტის 9 ახალ წევრს ირჩევს. საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე წარადგინა.

განცხადებაზე ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით და ამასთან, კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა სოფიო კილაძე, რომელიც, მათი შეფასებით, არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და  პატივისცემით.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას სოფო კილაძეც გამოეხმაურა.

„როცა NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ სწორ გზაზე დგახარ, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე არასამთავრობო სექტორის განცხადებას გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტისადმი, რომ „არ დაუშვან“ სოფიო კილაძის არჩევა გაეროს კომიტეტის წევრად.