როცა NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ – კილაძე

პუბლიკა

როცა NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ სწორ გზაზე დგახარ, – ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე არასამთავრობო სექტორის განცხადებას გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტისადმი, რომ „არ დაუშვან“ სოფიო კილაძის არჩევა გაეროს კომიტეტის წევრად.

„ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ როცა NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ. ამიტომ გავაგრძელებ სწორი გზით სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვაფასებთ. ამ NGO-ების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოცემულია სულ ტყუილები და „face-ნიუსები“. არავითარი პროცედურა არ დარღვეულა და ტყუილების ნაწილში გეტყვით ერთ დიდ ტყუილს, რომ სოფიო კილაძეს არ აქვს საერთო არც ბავშვის უფლებათა კოდექსთან, არც სოციალური მუშაობის რეფორმასთან, მაშინ, როცა ერთსა და მეორე შემთხვევაშიც იდეის ავტორიც მე გახლავართ და მის განხორციელებასა და იმპლემენტაციასაც თავად ვუდგავარ სათავეში. ეს ერთი დიდი ტყუილი ბევრი შემიძლია მოგახსენოთ. რაც შეეხება პროცედურებს, ესეც არის მორიგი ტყუილი. პროცედურის არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა კილაძემ


საქართველომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა საქართველოს პარლამენტის წევრი სოფო კილაძე. გუშინ 53-მა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა კომიტეტს, არ დაუშვან სოფიო კილაძის შერჩევა ამ პოზიციაზე. 2020 წლის მეორე ნახევარში, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, რიგით მეთვრამეტე სესიაზე, კომიტეტის 9 ახალ წევრს ირჩევს.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, ქალბატონო სოფიო კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.