„გამარჯვებაა ჩვენი საერთო მიზანი და არა შურისძიება" - მელია გვარამიასთან გაერთიანებაზე

პუბლიკა

ნიკა მელია აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიასთან გაერთიანების მთავარი მიზანია „გამარჯვება” და არა „შურისძიება”. ამის შესახებ მან ერთობლივ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც პოლიტიკური გაერთიანება წარადგინეს.

„ჩვენ დღეს ვამბობთ და ვადასტურებთ, რომ შედგა ერთობა – შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც, პირველ რიგში, გვაერთიანებს მომავალი და მომავალია ჩვენი საერთო მიზანი, გამარჯვებაა ჩვენი საერთო მიზანი და არა შურისძიება. სიახლე არის ჩვენი მიზანი, ახლის მოპოვებაა ჩვენი მიზანი და არა წარსულთან ანგარიშსწორება. რთული იყო ეს გზა, გულწრფელად რთული იყო.

სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი, ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ვყოფილიყავით ერთი გუნდი, გარდა მეგობრებისა, ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო ელექტორალური სუბიექტი თუ არა. და რით ვიხელმძღვანელეთ? ვიხელმძღვანელეთ, პირველ რიგში, ორი გუნდის ინტერესით, ათობით ათასი აქტიური ამომრჩევლის ინტერესით”, – განაცხადა მან.

ნიკა გვარამია და ნიკა მელია გაერთიანდნენ. მათ საერთო პოლიტიკური პლატფორმა წარადგინეს.

ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამ გაერთიანებას შეუძლია ცვლილებების მოხდენა.

პოლიტიკური გაერთიანების სახელი იქნება „ახალი”, საარჩევნო ნომერი 4, ფერი კი მწვანე და ნარინჯისფერი.

გვარამიას თქმით, მწვანე – სიახლის, ახალი დასაწყისის აღმნიშვნელია, ნარინჯისფერი კი ენერგიის, წინსვლისა და იმედის.