გამჭვირვალობის დატოვების პირობებში სხვა პრობლემური საკითხები თუ არსებობს, მიზანშეწონილია შეიცვალოს - კაკაურიძე რუსულ კანონზე

პუბლიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რუსულ კანონთან დაკავშირებით, „პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და მიზანშეწონილია შეიცვალოს“.

„კანონი ძალაში შევა, როგორ შევა მთავარი არის ეს… ამ ფორმით ძალაში შესვლას ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, ქვეყნები. ამიტომ საუბარი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის და პარტიის მხრიდან იმაზე, რომ დიალოგის შესაბამისად შესაძლებელია ის პრობლემური საკითხები, რომლებიც პრობლემური არის, შეიცვალოს… ის, რაც არის გარკვეული შეუთანხმებელი საკითხები და რომელთა გამოსწორებაც შეიძლება… გამჭვირვალობის პრობლემა მგონი არავის არ უნდა ჰქონდეს.

გამჭვირვალობის დატოვების პირობებში სხვა პრობლემური საკითხები თუ არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია შეიცვალოს“, – განუცხადა გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, საქართველოს კურსი იყო, არის და უნდა იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და მნიშვნელოვანია ამ კურსის შენარჩუნება.

რაც შეეხება აშშ-ის მიერ სანქციებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, კაკაურიძის თქმით, „არარეალისტურია, ის ყველას შეეხოს“.

„არ მგონია, რომ ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე დასანქცირდეს, თუ მას არ მიუძღვის კონკრეტული დანაშაული. არ მგონია, რომ მსგავსი ტიპის სანქციები იყოს ადეკვატური, რომ ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე დასანქცირდეს“, – განაცხადა კაკაურიძემ.