გამოცხადდება თუ არა მოსამართლეების არჩევაზე მორატორიუმი | „ლელო“ NGO-ებს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ლელოსა“ და სამართლის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სასამართლო სისტემის რეფორმა და სისტემაში ამ დროისთვის არსებული პრობლემა-გამოწვევები განიხილეს.

მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, 19 მაისს ფრაქცია „ლელომ“ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელმაც უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი მოსამართლეების დანიშვნაზე იქამდე, სანამ პარლამენტი არ იმსჯელებს, შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად არ შეცვლის კანონს და არ დაარეგულირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს და პროცედურას.

ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, სასამართლოს რეფორმირების საკითხის მიმართ პარლამენტის დამოკიდებულება იქნება „ლაკმუსის ქაღალდი“, ვის აქვს შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების რეალური სურვილი.

„ამ დოკუმენტში საუბარია ამბიციურ რეფორმაზე და საუბარია იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა განიცადოს არსებითი რეფორმა. არსებითი რეფორმა გულისხმობს არა ზედაპირულს, ნაწილობრივს, ფრაგმენტულს, არამედ მთლიან რადიკალურ რეფორმას, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც მიშელის დოკუმენტში კი არა, საქართველოს კონსტიტუციაში რომ წერია საკითხები შავით თეთრზე, მის ამობრუნებასაც არ ერიდებიან, მათ შორის, იურიდიული კვალიფიკაციის ადამიანები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო აზრია, შეჩერდეს მოსამართლეთა კონფერენცია, რომელზეც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები უნდა აირჩიონ.

იმავე პოზიციას აფიქსირებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშილი.

„ამ კონფერენციის დაჩქარებული წესით, ამ რეალობაში ჩატარების მიზანი ცალსახად არის თავდასხმა ჩვენი ქვეყნის მომავალზე და შესაძლებლობაზე, ოდესმე საქართველოში სასამართლოში კლანური მმართველობის და უხეში ჩარევის პრობლემა გადაიჭრას“, – აცხადებს ის.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტის, გურამ იმნაძის შეფასებით, პრობლემური და შემაშფოთებულია, რომ 19 აპრილის ხელმოწერიდან დღემდე მართლმსაჯულების რეფორმაზე პარლამენტში პროცესი არ დაძრულა, ამ ფონზე კი სასამართლო სისტემაში პროცესები ვითარდება. იმნაძის თქმით, რიგგარეშე კონფერენციაზე ასარჩევი 4 ახალი მოსამართლე წევრი კვლავ კლანურობის და ლოიალურობის პრინციპით დაინიშნებიან.

„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ გარკვეულ პარტიებსა და ორგანიზაციებში „სუბიექტური შეხედულებების“ არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორებსაც იდენტური პოზიცია აქვთ.

უმრავლესობის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აცხადებს,  არ შეიძლება „გაუგებარი, გაუაზრებელი, კონტექსტიდან და სამართლებირივ ნორმებთან წინააღმდეგობაში მყოფი“ კანონპროექტის დაინიცირება.

„რეფორმა კიდევ უფრო რომ გაძლიერედეს, სასამართლო სისტემა, აღმასრულებელი ხელისუფლება, არასამთავრობოები… ამას სჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში დინამიკური განვითარება. არ შეიძლება განვიხილოთ, რომ ხვალ გავიღვიძებთ, ქალბატონმა ნაცვლიშვილმა რომ დააინიცირა კანონპროექტი, დღეს დააინიცირებს ამას, რომ შეაჩერეთ სასამართლოში საქმის წარმოება და ზეგ მოვიფიქრებთ როგორი უნდა იყოს და მერე გავაგრძელოთო, ეს არის აბსურდი“, – განაცხადა მან.

ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრების გაგრძელებას გეგმავს.


26 მაისს ჩაინიშნა მოსამართლეთა 29-ე, რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრს აირჩევენ.

უფლებამოსილება საბჭოს 4 მოსამართლე წევრს ეწურება. ესენი არიან: დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ირაკლი შენგელია და ვასილ მშვენიერაძე.

მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებას მხარს უჭერენ როგორც სამართლის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკოსები და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

რა წერია სასამართლო სისტემის რეფორმაზე შარლ მიშელის დოკუმენტში

ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:
    ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით;
    ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
    გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;
    დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.
  • ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.
  • რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

  • პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ვადები:

1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.

2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.

3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.

4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.