„მიმდინარეობს გამოძიება ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე“ – თქვა ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძემ. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში უწყებაში დაიბარეს ნიკა გვარამია.
„მას [ნიკა გვარამიას] მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მგელაძემ.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას გარდა, შესაძლოა, „მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“.
როგორც მოგვიანებით „მთავარი არხის“ მეწილე და დირექტორმა ნიკა გვარამიამ Facebook-გვერდზე დაწერა, მას მედიასთან სწორედ იმის თქმა აუკრძალეს, რაც თავად გაასაჯაროვეს:
„კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რისი თქმაც ამიკრძალა მედიასთან, გამოვიდა და თვითონ მოყვა. არც მახსოვს, როდისმე განცხადება გაეკეთებინოთ ჯერ, მით უფრო, ასე მყისიერად. იმედი კი გამოვთქვი, წინასაარჩევნო ტრიუკი არ არის-მეთქი, მაგრამ იმედი გადამეწურა. ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი. მეორე ვარიანტია, ფორმულას ამბავი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით უკვე დააყადაღეს, უნდა გადაიფაროს დამზაფვრელი სკანდალით“, – აცხადებს გვარამია.