ველოდებით „ფორმულაზე“ წილების დაყადაღებას - მშვილდაძე

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ტელეკომპანიის მფლობელის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ნიშნავს, რომ „ფორმულას“ წილების დაყადაღებას აპირებენ.

„ველოდებით ფორმულაზე წილების დაყადაღებას – თავდაცვის სამინისტრომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ამ დილით სარჩელი შეიტანა. რა თქმა უნდა, ეს გეგმაზომიერი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია და არავითარი შეხება არ აქვს არც საარჩევნო პროცესის გაშუქების ხელის შეშლასთან და არც „ფორმულას“ სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკულობასთან“, – წერს მიშა მშვილდაძე.

„ფორმულას“ წამყვანი გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ ეს პირდაპირი გზავნილია, რას აპირებს „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ.

„ეს არის მიზანი და ამოცანა, რომ შემდეგ ეტაპზე დაყადაღდეს ქონება, მათ შორის უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ტელეკომპანია „ფორმულა“, იმიტომ, რომ სხვა ქონება, რამდენადაც მე ვიცი, საქართველოში არც კი არსებობს ჩვენი დამფუძნებლის კუთვნილი და ეს არის პირდაპირი არამარტო გზავნილი, არამედ ნაბიჯი იმისთვის, რომ კრიტიკული ტელევიზიები დახუროს“, – ამბობს გიორგი თარგამაძე.

დღეს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყება დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს თავდაცვის უწყების მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

საქმეზე, რომლის შესახებაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, 7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 600 000 ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა, ორ ინსტანციაში გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. თავდაცვის სამინისტრო სასამართლოს სწორედ ამ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართავს.

თავდაცვის სამინისტროს სარჩელთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებმა კითხვა სახალხო დამცველს დაუსვეს. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე ვრცლად ვერ ისაუბრებს, რადგან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე უზენაეს სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ჯერ არ გადაუცია.

„ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, თავისი სამოტივაციო ნაწილით და მივიღებთ, გავეცნობით. დაინტერესებული ვართ ამ საკითხის შესწავლით და შემდეგ წარმოგიდგენთ შეფასებას“, – უთხრა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.