„გამოძიებამ აქციის მონაწილეებს სტანდარტული კითხვები დაუსვა“ – პროკურატურა მაკო გომურზე

პუბლიკა

მთავარი პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის მიერ მაკო გომურისთვის დასმული კითხვა სტანდარტული პროცედურის ნაწილი იყო. როგორც თავად მაკო გომურმა თქვა, ექსპერტიზამ მას ჰკითხა, 20 ივნისის აქციის დაშლისას დაკარგული თვალი ჯანსაღი იყო თუ არა.

„20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ხორციელდება სხვადასხვა, სტანდარტული პროცედურა.

აქციის მონაწილეთა დაზარალებულად ცნობისთვის მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ცალკეული პირების მიმართ მოთხოვნილი მონაცემების მოსაპოვებლად გამოძიებამ, აქციის მონაწილებს დაუსვა სტანდარტული კითხვები, რასაც მოიცავს კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულმა მაკო გომურმა ექსპერტიზის შეკითხვაზე გუშინ გაავრცელა ინფორმაცია. „4 თვეზე მეტია გასული. ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული.

დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა“, – წერდა მაკო გომური Facebook-ზე.

მაკო გომურს 20 ივნისის აქციის დაშლისას რეზინის ტყვია მოხვდა და თვალი დაკარგა, მაგრამ პროკურატურას 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა გიორგი სულაშვილსაც, რომელმაც ასევე დაკარგა თვალი.

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულთათვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, პროკურატურამ დაზარალებულად ამ დრომდე მხოლოდ 4 სამოქალაქო პირი ცნო.

„ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 პირი დაზარლდა, მათ შორის – 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რაოდენობა 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა, ასევე, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.