დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო – მაკო გომური

პუბლიკა

მაკო გომურის თქმით, ექსპერტიზა მისით დღეს დაინტერესდა და ჰკითხეს, 20 ივნისის აქციის დაშლისას დაკარგული თვალი ჯანსაღი იყო თუ არა.

„მოკლედ, 4 თვეზე მეტია გასული. ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული.

დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?”, – წერს მაკო გომური Facebook-ზე.

მაკო გომურს 20 ივნისის აქციის დაშლისას რეზინის ტყვია მოხვდა და თვალი დაკარგა, მაგრამ პროკურატურას 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია.  პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა გიორგი სულაშვილსაც, რომელმაც ასევე დაკარგა თვალი.

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულთათვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, პროკურატურამ დაზარალებულად ამ დრომდე მხოლოდ 4 სამოქალაქო პირი ცნო.

„ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 პირი დაზარლდა, მათ შორის  – 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რაოდენობა 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული  – 4 პირს. დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა, ასევე, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.