დაუყოვნებლივ მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი ყველას, ვინც 20-21 ივნისს დაშავდა – NGO-ები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები 20-21 ივნისს დაზარალებულთათვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ. მათი თქმით, პროკურატურამ დაზარალებულად ამ დრომდე მხოლოდ 4 სამოქალაქო პირი ცნო.

„ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 პირი დაზარლდა, მათ შორის  – 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რაოდენობა 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული  – 4 პირს. დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა, ასევე, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათივე თქმით, სხვა პირებთან ერთად, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა მაკო გომურსა და გიორგი სულაშვილს, რომლებმაც რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად დაკარგეს თვალი. დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ ჟურნალისტებისთვის, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს. მაგალითად, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს თამარ ბაღაშვილს,  არც ირაკლი ხვადაგიანს, რომელმაც დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი. ერთი მხრივ, პროკურატურა ადასტურებს, რომ „მითითებულმა პირებმა დაზიანება 20-21 ივნისს, საპროტესტო შეკრების შეწყვეტისას მიიღეს და საქმეზე მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია/ინფორმაცია ადასტურებს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს“, თუმცა ამას არ მიიჩნევს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისათვის საკმარის საფუძვლად და ელოდება ექსპერტიზის შედეგებს.

პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად მნიშვნელოვანია, ექსპერტიზამ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და მექანიზმი, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების კონკრეტული ვითარება და საფუძვლები.

„გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არსებული კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს. დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი. შესაბამისად, როდესაც დგინდება, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია რაიმე ტიპის ზიანი, პროკურორი ვალდებულია, პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა, უკვე იდენტიფიცირებულია თუ არა ის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, ყოველივე მიუთითებს პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე, გამოძიებას არ სურს, დაუშვას შესაძლებლობა, რომ დანაშაული ჩაიდინეს სამართალდამცავებმა.

„ის ინდივიდუალური შემთხვევები – მხოლოდ 4 შემთხვევა დაზარალებურად ცნობისა,  მათთვის აღიქმება, როგორც ინდივიდუალური სამართალდამცავების მხრიდან ერთგვარი კანონის დარღვევა, ხოლო თუ ათეულობით პირის დაზარალებულად აღიარება მოხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემას ჰქონდა ჩავარდნა, რომ სისტემამ დაუშვა დიდი ალბათობით დანაშაული“, – ამბობს სალაძე.

მისი განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისთვის კანონი არ მოითხოვს თავად დამნაშავის იდენტიფიცირებას, კანონისთვის მთავარია ზიანი და დანაშაულის ფაქტი.  ის, რომ დანაშაული მოხდა,  თანხმდება ყველა, გარდა გამოძიებისა და სასამართლოსი. „სამწუხაროა,  თავად სასამართლოც აგრძელებს იმ ხაზს, რა ხაზზსაც გამოძიება ატარებს მთელ ამ პროცესში…“

„შესაბამისად, პროკურატურა თავისსავე წრეზე ტრიალებს. ეს მიანიშნებს იმას, რომ მათ არ აქვთ პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილებას არ იღებენ კონკრეტული მიზეზის გამო – ეს იქნება სისტემის ჩავარდნაზე საუბარი, ეს იქნება ცუდი მენეჯმენტი აქციის დაშლის და/ან პირიქით, გამიზნულად მიღებული გადაწყვეტილების დემონსტრირება“, – ამბობს სალაძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოადგენლის ნესტან ლონდარიძის თქმით, გამოძიება არც ჟურნალისტური საქმოანობის ხელისშეშლის კუთხით მიმდინარეობს.

„ჩვენ თვალთალივ ვხედავდით, რომ ჟურნალისტების მიამრთ დამიზნება ხდებოდა დამიზნებით და არაერთი მძიმე დაზიანება აქვთ მათ მიღებული”, – ამბობს ლონდარიძე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის გურამ იმანაძის თქმით, დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობის შემთხვევაში, სერიოზული ზიანი ადგება გამოძების სანდოობას და კითხვები გამოძების სრულყოფილად და ობიექტურად წარმარტაზე. რადგან გამოდის, რომ პროკურატურა არათუ ვერ ხედავს პრობლემებს, და გადაცდომებს, არამედ განზრახ, გააზრებით აიგნორებს 21 ივნისიი  მოვლებეის დროს დადმგარ შედეგებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საზოგადოება და ბანკები
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება(ISFED)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • მწვანე ალტერნატივა
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი