გამოძიების პროცესში ძალიან არასწორია კვალიფიკაციის გამოცხადება - ლომჯარია

პუბლიკა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია იმყოფებოდა სანატორიუმ „ქართლში“, სადაც დევნილები ცხოვრობენ და სადაც 16 იანვარს ამავე შენიბაში მცხოვრებმა მამაკაცმა, თვითმხილველთა თქმით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სახალხო დამცველის განცხადებით, სანატორიუმ „ქართლში“ მამაკაცის გარდაცვალებაზე დაწყებული გამოძიების პროცესში მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან არასწორია წინასწარ გაკეთებული განცხადებები და კვალიფიკაციის გამოცხადება.

„ძალიან არასწორი არის, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებული იყო და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები და კვალიფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში. მითუმეტეს, რომ მე გავესაუბრე თვითმხილველებს შემთხვევის, ვინც იცნობდა გარდაცვლილს. მათი მონათხრობიდან, ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა, ან უბედური შემთხვევა. რა თქმა უნდა, მე დაველოდები გამოძიებას, მაგრამ ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად, მითუმეტეს, გარემოებები ამაზე არ მიუთითებს“, – განაცხადა ლომჯარიამ.


ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, 17 იანვარს განაცხადა, რომ სანატორიუმ „ქართლში“ მამაკაცის მიერ სავარაუდო თვითმკვლელობა არ უკავშირდება ამ დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა ხანგრძლივ  პროტესტს. მან ფაქტი უბედურ შემთხვევად შეაფასა.

16 იანვარს, ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი პროტესტის ნიშნად საცხოვრებელი ბინიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

სანატორიუმის ბინადარი დევნილები რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ, ვინაიდან, მატ თქმით,  შენობა ავარიული და იქ ცხოვრება სახიფათოა.