საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მან განაცხადა, რომ საქმეში არის ვიდეო და აუდიოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს. პროკურორმა ასევე ხაზი გაუსვა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშუტს და განაცხადა, რომ მათ აქვთ უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს რომ თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან გამოსვლისას ტყეში მისვლამდე სხვა რამე ობიექტთან ან ადგილზე არ მისულა.
დღესვე პროკურორმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება.
„საქმეში ნამდვილად მოიპოვება ვიდეო და აუდიო მასალა, რომლიც საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსამენია. ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე. ეს მასალები საქმეში მოიპოვება.
გარდაცვალებასთან დაკაშირებით არსებობდა სხვადასხვა ვერსია მედიასაშაუალებებში ადვოკატების მიერ და სხვა პირების მიერ, ე.წ. ექსპერტების მხრიდან.
საბოლოოდ საქსპერტპო კვლევით ფაქტობრივად უტუარი მოცემულობით დასტურდება რომ ძალადობრივი სიკვდილი მოცემულ შემთხვევაში არ დადგა და ეს იყო მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის შედეგი.
ასევე, რაც შეეხება მარშრუტთან დაკავშირებული ინფორმაციას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილებოდა საკალმახისა და სხვადასხვა ადგილმდებარეობის თემა, იმ კონტექსტში, რომ თითქოს ბაჩალიაშვილის მარშრუტი არ იყო საბოლოო დანიშნულების ადგილი, სადაც აღმოჩენილი იყო თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა.
თაიმლაინის მონაცემები, რომელიც ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ასახავს უწყვეტ მდგომარეობას დილის 10:09 წუთიდან 12:13 წუთამდე, დეტალურად ასახავს იმ მარშუტს, რაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანამ გაიარა – სახლიდან გამოსვლის მომენტიდან იმ ადგილამდე, სადაც გაჩერდა ავტომობილი.
შესაბამისად, ყველა ის ობიექტი, რომელიც რატომღაც აქტიურად განიხილება მედიასაშუალებებში, ავტომატურად გამოიცხება ამ უტყუარი მტკიცებულებებით, რომლის ფალსიფიცირების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან ამ მონაცემის გადამოწმების ნაწილში მოხდა ინფორმაციის მოპოვება მობილური ტელეფონიდან, მობილურზე მიბმული გუგლის ანგარიშიდან და ამის გადამოწმება გუგლის სათაო ოფისშიც მოხდება”, – განაცხადა პროკურორმა.
18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი – პროკურატურა
„თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში „google“-ის ანგარიშის „timeline“-ის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია, ინახება კონკრეტული პირის პირად „google“-ის ანგარიშზე.
გამოძიების მიმდინარეობისას, დათვალიერდა თამარ ბაჩალიაშვილის „google“-ის ანგარიში და ანგარიშში არსებული ფუნქცია „your timeline”-„თქვენი ქრონიკა“, რაც ადასტურებს, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი.
10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი.
10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე.
„Timeline’’- ის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების – თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში, უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით, გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს, შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს სოფლის სიღრმისკენ, გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე, შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის „timeline’’-ის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი.
თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები, ასევე დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული 112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით”, – აცხადებს პროკურატურა.