პროკურატურაში „კარტოგრაფების საქმეზე“ დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოიკითხა

პუბლიკა

კარტოგრაფების საქმეზე საქმეზე პროკურატურაში პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოიკითხა. როგორც ლორთქიფანიძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა, გამოძიებას ამ საქმისთვის მნიშვნელოვან მასალებს მიაწვდის, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ეხება. მისი თქმით, მან facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა დავით გარეჯთან დაკავშირებით ინფორმაცია და ფიქრობს, რომ გამოკითხვაზე სწორედ ამის გამოა დაბარებული.

კერძოდ, ლორთქიფანიძის მტკიცებით,  კეზერაშვილმა თავდაცვის სამინისტროში 2007 წელს დაიბარა დახურული მიწათმოწყობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი ზურაბ ბოჭორიშვილი და მას სთხოვა, მიეწოდებინა ინფორმაცია მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მასალების ადგილმდებარეობის შესახებ.

როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, ბოჭორიშვილმა განუმარტა, რომ ეს მასალები მიწათმოწყობის კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი შენობის საცავში ინახებოდა. ამის შემდეგ კი, ლორთქიფანიძის მტკიცებით, კეზერაშვილმა საცავში გააგზავნა სამი პოლკოვნიკი, ეს მასალები შენობიდან გაიტანეს და გაანადგურეს.



აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბრს დააპატიმრეს და 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პროკურატურამ კარტოგრაფები საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა.