გამოკითხვებში აშშ-ის „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სანდერსი ლიდერობს

პუბლიკა

14-17 თებერვალს ჩატარებული „ვაშინგტონ პოსტისა“ და „ეიბისი ნიუსის“ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად, აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ბერნი სანდერსი ლიდერობს.

ვერმონტის შტატის სენატორს გამოკითხულთა 32% უჭერს მხარს, აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კი – 16%. კანდიდატებს შორის მესამეა მაიკ ბლუმბერგი 14%-ით. გამოკითხულთა 12% მხარს უჭერს ელიზაბეთ უორენს, 8% პიტ ბუტეჯეჯს, 7% კი – ემი კლობუჩარს.

გამოკითხვის ცდომილება გამოცემების ინფორმაციით, +/-6%-ია.

სანდერსი „როიტერსისა“ და „იპსოსის“ მიერ წარმოებულ კვლევაშიც ლიდერობს, მეორე ადგილზე მაიკ ბლუმბერგია.


ჯამში ბუტეჯეჯს 22 დელეგატი ჰყავს, ბერნი სანდერსს 21, ელიზაბეთ უორენს – 8, ემი კლობუჩარს – 7, ჯო ბაიდენს – 6.

„დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობისთვის ნომინაციას დელეგატების რაოდენობა განსაზღვრავს და არა ხმების.

დემოკრატების დელეგატთა რაოდენობა 3979-ია. პრაიმერიზებისა და კოკუსების შედეგების მიხედვით კი,დელეგატთა რაოდენობა პროპორციულად ნაწილდება კანდიდატებზე. შემდეგი კოკუსი გაიმართება 22 თებერვალს ნევადაში, სადაც 36 დელეგატი გადანაწილდება. 29 თებერვალს კი პრაიმერიზი გაიმართება სამხრეთ კეროლაინაში და შედეგის მიხედვით 54 დელეგატი გადანაწილდება. 3 მარტს კი სუპერ სამშაბათი დგება – დღე, როდესაც პრაიმერიზი 14 შტატში გაიმართება და 1357 დელეგატი განაწილდება.

დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი.