ნიუ-ჰემპშირში დემოკრატების პრაიმერიზის გამარჯვებული ბერნი სანდერსია

პუბლიკა

ნიუ-ჰემპშირის შტატში „დემოკრატიული პარტიის“ პრაიმერიზის გამარჯვებული მემარცხენე სენატორი ბერნი სანდერსია. მეორე ადგილი ინდიანას შტატის ქალაქ საუს ბენდის ყოფილმა მერმა, პიტ ბუტეჯეჯმა დაიკავა.

სანდერსმა ბუტეჯეჯმა 3600 ხმით მეტი მიიღო, თუმცა პრაიმერიზის შედეგად მათ თანაბარი 9-9 დელეგატი მოიპოვეს.

აიოვას შტატში კი დემოკრატების კოკუსში სანდერსზე 2-ხმიანი უპირატესობით გაიმარჯვა ბუტეჯეჯმა. შედეგად მან 13 დელეგატი მოიპოვა, სანდერსმა კი – 12.

ჯამში ბუტეჯეჯს 22 დელეგატი ჰყავს, ბერნი სანდერსს 21, ელიზაბეთ უორენს – 8, ემი კლობუჩარს – 7, ჯო ბაიდენს – 6.

„დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობისთვის ნომინაციას დელეგატების რაოდენობა განსაზღვრავს და არა ხმების.

დემოკრატების დელეგატთა რაოდენობა 3979-ია. პრაიმერიზებისა და კოკუსების შედეგების მიხედვით კი,დელეგატთა რაოდენობა პროპორციულად ნაწილდება კანდიდატებზე. შემდეგი კოკუსი გაიმართება 22 თებერვალს ნევადაში, სადაც 36 დელეგატი გადანაწილდება. 29 თებერვალს კი პრაიმერიზი გაიმართება სამხრეთ კეროლაინაში და შედეგის მიხედვით 54 დელეგატი გადანაწილდება. 3 მარტს კი სუპერ სამშაბათი დგება – დღე, როდესაც პრაიმერიზი 14 შტატში გაიმართება და 1357 დელეგატი განაწილდება.

დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი.