„გამოკვეთილია ყველა ფიგურანტი“ | ჩხოროწყუს მერი გამოძიების შესახებ

პუბლიკა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ოპოზიცია მერისა და მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, მას შემდეგ, რაც მედიით გავრცელდა კადრები, როგორ ასუფთავებენ სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი მერიის საპირფერეშოს.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ  სსკ-ის 150-ე მუხლით მოკვლევა დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. პასუხისმგებელი პირების დადგენის მიზნით მომხდარზე მოკვლევა დაიწყო განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმაც.

ჩხოროწყუს მერმა, დავით გოგუამ „პუბლიკას“ უთხრა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჯერჯერობით მერიის თანამშრომლები არ გამოკითხულან, გამოიკითხნენ მშობლები, ბავშვები და მასწავლებლები. მისი თქმით, ადგილობრივი მერიის თანამშრომლები მზად არიან, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ყველა კითხვას გასცენ პასუხი. გოგუა ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოკვეთილია „ყველა ფიგურანტი“, თუმცა მომხდართან დაკავშირებით „მორალურ პასუხისმგებლობას არავინ გაურბის“.

„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, ამ ეტაპისთვის მერიის თანამშრომელბი არ არიან გამოკითხული, ვინაიდან საგამოძიებო პროცესი პროცედურებთან არის დაკავშირებული, 11 ბავშვი იმყოფებოდა ჩვენთან მერიის შენობაში. პირველ რიგში დაკითხავენ მათ მშობლებს და თვითონ ბავშვებს, პედაგოგებს, მერე უშუალოდ ძირითადი ფიგურანტი ვინც არის და მერე, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანიც მზად ვართ, რომ გამოძიების მსვლელობაში მივიღოთ მონაწილეობა და ყველა კითხვას გავცეთ ამომწურავი პასუხი. რა თქმა უნდა, უკვე გამოკვეთილია  ფიგურანტები, თუმცა მორალურ პასუხისმგებლობას არავინ გაურბის. ჯერჯერობით უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე ამ ხალხის იდენტიფიცირება არ შემიძლია ამ ეტაპზე, ველოდებით გამოძიების დასრულებას“, – უთხრა „პუბლიკას“ დავით გოგუამ.

ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ჩხოროწყუს მერი და მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობას არ დატოვებენ, ისინი ქუჩაში გამოვლენ და საპოტესტო აქციას გამართავენ:

„ჩვენი მოთხოვნაა ოპოზიციის, რომ თანამდებობები დატოვონ ბატონმა მერმა, ნაირა ციმინტიამ და მაკა ჯაფარიძემ, რომლებიც იყვნენ დაკავებული ამ სიბინძურის გამართლებით. თუ ბატონი მერი ამ გონივრულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ის მიიღებს უმკაცრეს პასუხს საზოგადოებისგან. ჩვენ დღის ბოლომდე ველოდებით გოგუას რეაგირებას. თუ ეს ასე არ იქნება, ჩვენ ვიქნებით კატეგორიული“.

ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, ნონა თოდუა ადასტურებს, რომ მისი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები არიან ბავშვები, რომლებიც ჩანან ვიდეოში, როგორ ასუფთავებენ ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოს.

როგორც „რუსთავი 2-ის“ კორესპონდენტი დირექტორზე დაყრდნობით ჰყვება, დირექტორი ნონა თოდუა იხსენებს, რომ მასთან მივიდა, მისი ინფორმაციით, მერიის დასუფთავების თანამშრომელი, ეთერ ჯაფარიძე, რომელმაც დირექტორს უთხრა, რომ სურდა, ბავშვები ერთობლივი პროექტის ფარგლებში წაეყვანა.

„ჩემი ინფორმაციით, ის მერიის დასუფთავების თანამშრომელია. მან მითხრა, რომ არის ერთობლივი პროექტი და ამ პროექტში ჩაერთვებოდა ჩვენი სკოლა, მეორე და მესამე სკოლები“, – აცხადებს ჟურნალისტებთან ნონა თოდუა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – იკითხა თუ არა, რა პროექტი იყო, რა უნდა გაეკეთებინათ ბავშვებს – ნონა თოდუა პასუხობს, რომ თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

ეთერ ჯაფარიძის განცხადებით, ის შემცირებაში მოჰყვა და შემცირების შემდეგ სურდა, ბავშვებისთვის მაგალითი მიეცა. მისი თქმით, უნდოდა, ბავშვებისთვის ეჩვენებინა, რომ თუ გაუჭირდებათ, „ასეთი საქმეც არ უნდა ითაკილონ“, რომ ტუალეტის რეცხვა არ არის სასირცხვო საქმე.