გამომელაპარაკა, როგორც რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს, არც ყოფილა ეს დამალული - გოლეთიანი ფოტოზე

პუბლიკა

აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა მედიაში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, გიორგი ხვედელიანთან ერთად საუბრობს.

მისი თქმით, ხვედელიანი მას გამოელაპარაკა, როგორც რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს და უთხრა, რომ „მიმდინარე მოვლენებს მხარს უჭერენ.“

„თქვენ იცით, რომ უამრავი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსი, გვხვდება აქ აქციებზე.  ყველას აქვს თავისი იდეა, აზრი. არაერთხელ დაუფიქსირებიათ სხვადასხვა პერსონას. რა არის ამაში კონსპირაციული, ჩვენ ვერ ვხედავთ.

უბრალოდ, ზოგადად ,მხარდაჭერაზე იყო საუბარი იმ დიალოგის დროს, რომ ზოგადად უჭერენ მხარს ამ მიმდინარე მოვლენებს. გამომელაპარაკა მე, როგორც რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს. ეს შეხვედრა შედგა აქ კარავთან. არც ყოფილა ეს დამალული…

ზოგადად, ალბათ, ჟესტი, რომ მოვიდა, სოლიდარობას ნიშნავს.ზუსტი დიალოგი არც მახსოვს, ზუსტ იდენტიფიცირებას ვერც ვახდენ. თქვენ კი ამბობთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელიაო, მაგრამ არ არის ხვედელიანი ის პერსონა, რომ ყველა ცნობდეს“, – ამბობს გოლეთიანი.

ფოტოსთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა გიორგი ხვედელიანიც. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციის ორგანიზატორებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან, გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სოლიდარულია პროტესტის მიმართ.

„გუმათში ვიყავი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ, სოლიდარობისა და პატივისცემის გამოსახატად პროტესტის ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც თვეების განმავლობაში აცოცხლებენ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს. იქ ყოფნისას ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ვარლამ გოლეთიანს, რომელთანაც არაფერი მაკავშირებს მის მიმართ პატივისცემის გარდა. არაფერი იყო დამალული, გარშემო ტრიალებდა უამრავი ხალხი და ჟურნალისტები. სატელევიზიო ეთერებშიც არაერთხელ მითქვამს, რომ ნამყოფი ვარ აქციებზე და შევხვედრივარ ორგანიზატორებს“,- წერს ხვედელიანი.