დოლიძე გამოსახლებებზე: იდეალური იქნებოდა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, აქ დიდი მაფიაა

პუბლიკა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ გამოსახლებებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა „იდეალური იქნებოდა“. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ისაუბრა.

მისივე თქმით, გამოსახლებებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

„კანონმდებელი იმისთვის არის, რომ ასეთ სფეროში პოლიტიკა შეიმუშაოს. 23 -24 იანვარია, ადამიანობა საერთოდ არ აქვთ? „ძაღლი არ გაიგდება ქუჩაში“, ზამთრის განმავლობაში აღსრულებები უნდა გაჩერდეს. კეთილი ინებოს „ოცნებამ“ და ესენი გააჩეროს.

იდეალური იქნებოდა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ამისთვის ოპოზიცია უნდა ამოქმედდეს და საქმე უნდა განიხილონ, იმიტომ, რომ აქ დიდი მაფიაც არის. ზანდუკელის ქუჩაზე რომ ბინაა, მისი მეპატრონე ამბობს, რომ თვითონ „მევახშემ“ ბინა, რომელიც 150 000 დოლარი ღირს, 17 000 ლარად შეიძინა, აუქციონზე რომ გააქვთ და თვითონვე რომ ყიდულობენ, შესაბამისად, ეს შესასწავლია. ამ ყველაფერს ძალიან დიდი ეკონომიკურ და ადამიანური ზარალი მოაქვს. ამათი იმედი არ მაქვს, იმიტომ, რომ ესენი ოლიგარქების მხარეს არიან, არაფერი მიკვირს. ჩვენ ხელისუფლების დროს ნორმალური რეგულაციები უნდა შემოვიღოთ.

ახლა, უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი, ეს ვითარება სისტემურად უნდა გამოვიძიოთ. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სამართლიანობის ინტერესი. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა შევქმნათ ფინანსური განათლების ბიურო, ეს შეიძლება გაკეთდეს ეროვნულ ბანკთან”, – ამბობს ანა დოლიძე.


გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე – ასეთია მოთხოვნა მოქალაქეებისა, რომლებიც გამოსახლების წინააღმდეგ მოძრაობაში ერთვებიან.

თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენეს.

დღეს, 24 იანვარს კი კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადაიდო.