გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ორ პირს 2000-2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

პუბლიკა

გუშინ, 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული 2 პირი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, – ამის შესახებ „პუბლიკას“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ განუცხადეს. ორგანიზაცია სასამართლოში დაკავებულთა ინტერესებს იცავდა.

ორგანიზაციის ცნობით, გუშინვე გაიმართა კიდევ 2 პირის პროცესი, გადაწყვეტილება კი 26 იანვარს გამოცხადდება.


თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენეს.

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა, აქციის რამდენიმე მონაწილემ კი პროტესტის ნიშნად აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები ჩამტვრია.

შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი – ადმინისტრაციული წესით. 2 პირი – მოძრაობა „ხმის“ წევრები, კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან. აღნიშნული მუხლი  სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე” – ასეთია მოთხოვნა მოქალაქეებისა, რომლებიც გამოსახლების წინააღმდეგ მოძრაობაში ერთვებიან.