გამოსახლების წინააღმდეგ აქციებში მონაწილე მოქალაქეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

„23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე ძალადობრივი გამოსახლების წინააღმდეგ თვითორგანიზებულმა სოლიდარობამ პასუხად პოლიციური და სამართლებრივი რეპრესია მიიღო.

ეს სამართლებრივი და პოლიციური რეპრესია პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოს ეშინია სოციალური წინააღმდეგობისა და სოლიდარობის  კერების გაძლიერების.

ჩვენ ვნახეთ, რომ თვითორგანიზებულმა სოლიდარობამ არაერთხელ შეძლო გამოსახლების შეჩერება იმ ოჯახებთან თანადგომით, რომლებიც იბრძოდნენ უკანასკნელი საცხოვრებლის შესანარჩუნებლად. ასევე ვნახეთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის, სოლიდარობისა და მტკიცე წინააღმდეგობის შედეგად, აღსრულების პოლიციამ გადადო შემდეგ დღეებში ჩანიშნული ორი გამოსახლება.

ეს წინააღმდეგობა სწორედ იმიტომაა მთავარი საფრთხე ძალაუფლებისთვის, რომ მას შეუძლია დაინახოს ხვალინდელი დღე პოლიციური სახელმწიფო სისტემის, ფინანსური ელიტების, მევახშეებისა და კერძო კაპიტალის ჰეგემონიის გარეშე, შეუძლია დაინახოს სოციალურად სამართლიანი სახელმწიფო, ღირსეული საარსებო და საცხოვრებელი გარემო ჩვენი ხალხისთვის.

ჩვენ, ვინც  უკვე გავიარეთ რეპრესიული პოლიციური სისტემა წინა ხელისუფლების დროს, რომელიც სისხლში ახშობდა სოციალურ უკმაყოფილებას; ჩვენ, ვინც ჩვენს დაკავებულ მეგობრებთან ერთად ვიდექით ქუჩებში წინააღმდეგობის გასაწევად და ვამბობდით, რომ სისტემა უნდა დაინგრეს – პირდაპირი პასუხისმგებლობა გვეკისრება, გამოვიდეთ ქუჩაში,  როცა სახელმწიფო კვლავ მუშტით ახშობს სოციალურ უკმაყოფილებას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მეგობრები დააპატიმროს ახალმა პოლიციურმა რეჟიმმა! ჩვენ არ დავუშვებთ სახალხო, სოციალური უკმაყოფილების გამოხატვის კრიმინალიზებას!

გამოსახლების შეჩერების ფიზიკური მცდელობისას, ჩვენი ძალადობრივი დარბევის და საცხოვრებელი სახლის შტურმით აღების სპეცოპერაციაში აღსრულების პოლიციასთან ერთად, მონაწილეობდა საპატრულო პოლიცია.  ამ ოპერაციისას 20 ჩვენგანი დაიჭირეს. მათ, ვისაც უკვე ჩაგვიტარდა სასამართლო სხდომა, დაგვეკისრა მაქსიმალური, 2000 ლარიანი ჯარიმა. ხოლო ორ ჩვენს მეგობარს, კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას, რომლებიც სისხლის სამართლის მუხლით იქნენ დაკავებულნი და ახლაც წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან,  3-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლომ, როგორც პოლიციური სახელმწიფო სისტემის,  ფინანსური ელიტების, მევახშეებისა და კერძო კაპიტალის დარაჯმა – არ გაითვალისწინა საქმის გარემოებები და სამაგალითო სადამსჯელო ზომების მიღებას  აპირებს ამ ადამიანებისა და შესაბამისად, ამ ბრძოლის წინააღმდეგ.

ბრძოლა ღირსეული საცხოვრებლის უფლებისთვის, ბრძოლა ღირსეული საარსებო პირობებისთვის გრძელდება და  ამ ბრძოლაში ერთმანეთის თანადგომა მთავარი გზაა რეპრესიასთან გასამკლავებლად.

გელოდებით პარასკევს, 2 თებერვალს, ჩვენს მიერ ორგანიზებულ კონცერტზე, რომელში მონაწილეობითაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ  აღნიშნულ საკითხებზე ჩვენს პოლიტიკურ პოზიციას, შეგროვილი თანხა კი მოხმარდება დაკავებულთა ჯარიმებს და დაშავებულთა სამედიცინო ხარჯებს.

ხოლო კვირას,  4 თებერვალს, გელოდებით მოძრაობა „ხმის“ მიერ ორგანიზებულ მარშზე გამოსახლების წინააღმდეგ –  თანამებრძოლების გათავისუფლებისა და ღირსეული საცხოვრებლისთვის!”, – ნათქვამია განცხადებაში.