„გამოვედი და გავშალე დახლი, პურის ფული უნდა ვიშოვო" - გარემოვაჭრეები გორიდან

პუბლიკა

გორის მერია მოქალაქეებს გარევაჭრობას უკრძალავს და ამისთვის ალტერნატიულ ფართს სთავაზობს. გარემოვაჭრეების თქმით, აკრძალვის მიუხედავად, ისინი აღნიშნულ ქუჩებზე ვაჭრობას კვლავ გააგრძელებენ.

მათივე თქმით, მერიის მიერ შემოთავაზებული ადგილი ვაჭრობისთვის ხელსაყრელი არაა.

„გვთავაზობდნენ ახალ ბაზარში გადასვლას, მე არ გადავალ, იმიტომ, რომ იქ ვაჭრობა არ არის… თუკი ჩემს შვილიშვილებს საღამოს საჭმელს არ წავუღებ და წამლის ფული არ მექნება…”, – ამბობს ტელეკომპანია „ფორმულასთან” გარემოვაჭრე გორიდან.

„გამოვედი და გავშალე [დახლი], იმიტომ, რომ უნდა ვიშოვო პურის ფული. სხვა მეტი საშუალება არ მაქვს. 71 წლის ქალი ვარ, პენსია არ მყოფნის. 2 ავადმყოფი შვილი მყავს, იმათ სხვა პატრონი ჩემს გარდა, არავინ ჰყავთ”, – ამბობს ტელეკომპანია „ფორმულასთან” კიდევ ერთი გარემოვაჭრე.

„გაგვიშვან, რომ ეს ბანკის ვალები გადავიხადოთ. ლუკმა პური ვიშოვოთ. ამათ ჩვენ არაფერი არ გვინდა, უბრალოდ ვიცოდეთ, რომ დილით რომ გამოვალთ, საღამოს მშიერი არ შევალთ სახლში… ნუთუ არ შეიძლება, რომ შენს ხალხს უშველო. შენ არ ეხმარები?! გამიშვი რა, მე რაღაც კაპიკებს ვშოულობ, დამანებე თავი”, – ამბობს „ფორმულასთან”გარემოვაჭრე.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ქართლისა და გოგებაშვილის ქუჩებზე გარემოვაჭრეები მერიის თანამშრომლებმა 14 ივნისს გააფრთხილეს, რომ ერთ კვირაში უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია.

მათ მიაჩნიათ, რომ გარევაჭრობისას, გარდა იმისა, რომ ირღვეოდა კანონი, მახინჯდებოდა ქალაქის იერსახე და ქუჩები ნაგვიანდებოდა, ასევე საფრთხეს უქმნიდა გადაადგილებისას, როგორც ფეხით მოსიარულეს, ასევე შეზღუდული იყო ტრანსპორტით გადაადგილებაც და პრობლემები ექმნებოდათ ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებსაც.