დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების სურათის მიხედვით, საქართველო ჯერ პიკში არ შესულა.
„მომავალი 3-4 კვირა რთული იქნება. შიდა გავრცელების შემთხვევები უკვე 22-23 მარტიდან გვაქვს. როგორც წესი, შიდაგავრცელების დაწყებიდან შემდგომი 7-8 კვირა, რთულია“, – ამბობს გამყრელიძე „პირველ არხთან” საუბრისას.
მისი თქმით, მომავალი 3-4 კვირის განმავლობაში ჩვენს ქცევებს ძალიან მაღალი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. „მხედველობაში მაქვს რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იძლევა… გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი“, – ამბობს იგი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 402-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე განახლდა.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 402
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 95
- გარდაცვლილი – 4
- კარანტინის რეჟიმში – 4782
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3