განაჩენი უფრო არის პოლიტიზირებული და არა ობიექტური - ჩოლოიანის ადვოკატი

პუბლიკა

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებულ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის შეფასებით, დღევანდელი განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანობისა და გულისხმიერების ტესტი ვერ ჩააბარა.

„განაჩენი რომელიც გამოცხადდა, ეს უფრო არის პოლიტიზირებული და არა ობიექტური, სამართლიანი და გულისხმიერი, რასაც სასამართლოს ავალდებულებს კანონმდებლობა. ცინიკურია, თუმცა ფაქტია, რომ თ.ზ.-ს ნაწილში გამართლდა მარიანა ჩოლოიანი და გარდაცვლილი ლუკა სირაძის ნაწილში გამტყუნდა, სადაც ბრალდების სახელმძღვანელოდ ბოლო წუთამდე იყო დაზარალებული დედის ჩვენება, რომელიც იყო დაინტერესებული და სუბიექტური“, – განაცხადა ჩოლოიანის ადვოკატმა.

გაგი მოსიაშვილის განცხადებით, აპირებენ სამართლიანობისთვის ბრძოლას.


15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულნი მარიანა ჩოლოიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში ედებოდა, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის იძულებას.

არასრულწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.