ვიბრძოლებთ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩოლოიანთან ერთად მონაწილეობდნენ დაკითხვაში - ლუკა სირაძის ძმა

პუბლიკა

15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმის ბექა სირაძის განცხადებით, ოჯახის მოთხოვნა იყო, რომ ლუკა სირაძის საქმეში ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანს სასჯელის სახით განსაზღვროდა 5 წელი.

„ოჯახის მოთხოვნა იყო მაქსიმალური ვადა 5 წელი.  თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უსამართლობაა, რადგან მისი [ჩოლოიანის] ადვოკატები ამტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს, მის უდანაშაულობას. მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი, მიესაჯა 3 წელი. გასაჩივრებას რაც შეეხება, გავივლით პროკურორთან და ადვოკატებთან ამ ყველაფერს და ამის შესაბამისად გავაგრძელებთ პროცესს“, – განაცხადა ბექა სირაძემ „TV პირველთან” საუბრისას.

მისი თქმით, იბრძოლებენ, იმისთვის, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც მარიანა ჩოლოიანთან ერთად მონაწილეობდნენ ლუკა სირაძის დაკითხვის პროცესში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც მარიანა ჩოლოიანთან ერთად მონაწილეობდნენ დაკითხვის პროცესში. მარტო მარიანა ჩოლოიანით არ შემოვიფარგლებით. ეს მთავარი პროცესი რაც სასამართლოში იყო გადმოტანილი, დასრულდა, თუმცა გამოძიება დანარჩენების წინააღმდეგ დღესაც გრძელდება“, – განაცხადა ბექა სირაძემ.

საქმის პროკურორის განცხადებით, გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო წესით განაჩენს, გადაწყვეტილებას მიიღებენ მას შემდეგ, რაც სამოტივაციო ნაწილი ჩაბარდებათ.

„რაც შეეხება კიდევ ერთ ეპიზოდს, რომელიც ასევე წარდგენილი ჰქონდა მსჯავრდებულ მარიანა ჩოლოიანს, არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების ნაწილში, სასამართლომ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი. მას შემდგომ, რაც ბრალდების მხარეს განაჩენის სრული ვერსია გადმოგვეცემა, მოხდება აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება. ჩვენ მიგვაჩნია, ბრალდების მხარეს, რომ აღნიშნულ ნაწილშიც იყო დასაბუთებული  სახელმწიფო ბრალდება და ყველა ის მტკიცებულება, რომელიც წარდგენილი იქნა სასამართლოში, ამაზე მიუთითებდა”, – განაცხადა პროკურორმა.


15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულნი მარიანა ჩოლოიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც „პუბლიკას” საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ჩოლოიანს 2 წლით ასევე ჩამოერთვა სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის უფლებაც.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში ედებოდა, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის იძულებას.

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ 15 წლის ლუკა სირაძეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დაკითხვაზე „ძმის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა” და გამომძიებელმა მას დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული მოწმეები.


არასრულწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.