განახევრებული ადამიანია, განლევა აქვს - გვარამიამ სააკაშვილი მოინახულა

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილი არის „განახევრებული“ და აქვს განლევა. „მთავარის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, მიიღოს სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება.

„რაც ახლა დავინახე, ნამდვილად ამის აღწერა ძალიან რთულია. განახევრებული ადამიანია. ფიზიკურად, კატასტროფაა. გუშინ შეხვედრა მქონდა საერთაშორისო აქტორებთან. არ დავასახელებ, ვისთან, არ მაქვს ამის უფლება. ჩავრთეთ[ვიდეო] ერთად ვნახეთ მიშა პირველად, წარმოუდგენელი რეაქცია ჰქონდათ. ეს ასე ვერ გაგრძელდება. ეს საკითხი არის გადასაწყვეტი. რაც უფრო სწრაფად იფიქრებს ბიძინა ივანიშვილი ამაზე, უკეთესია, არა მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის და მისთვის, პერსონალურად.

ვხედავთ, რაც ხდება უკრაინიდან. განლევა აქვს [სააკაშვილს], არცერთი თავმოყვარე სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის წინაშე ამას არ დაუშვებს. მინდა, მივმართო არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ადამიანებს, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია უკრაინა, როგორც იდეა, მეგობარი, მოკავშირე, მათ შორის, ბიზნესმენებს, არ გამოვა ასე, თუ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ასე გაგრძელდა, ვერანაირ ბიზნესს ვერ გააკეთებთ, დღეს ვინც აკეთებთ უკრაინაში, დიპლომატიური ურთიერთობები შეიძლება შეწყდეს. ეს მოსალოდნელია იმის ფონზე, რაც ხდება. არავის არ შეარჩენს უკრაინა საკუთარი მოქალაქის წინაშე ასე მოპყრობას“, – უთხრა გვარამიამ ჟურნალისტებს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ზელენსკის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება უკრაინაში საქართველოს ელჩის თბილისში გამოშვებას, კონსულტაციებისთვის, არის „დასაწყისი ყველაზე უფრო მძიმე ეტაპის დიპლომატიურ ურთიერთობებში“.

„სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში, საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით რას გააკეთებს, არის მისი გადასაწყვეტი. რა განცხადებებიც აკეთა აქამდე, პირადად მე არ გავაკეთებდი, არ ვიჩქარებდი… რას გააკეთებს მომავალში, არის მომავლის საკითხი. აწყმოში მნიშვნელოვანია მისი გადარჩენის საკითხი. [ბიძინა ივანიშვილმა] დროზე გადაწყვიტოს, ძალიან ღრმად შედის. ნუ შეუქმნის თავის თავს ისეთ პრობლემებს, რომლიდანაც ვერ გამოვა. დროზე მიიღოს ერთადერთი ადეკვატური განცხადება, გაუშვას სააკაშვილი უკრაინაში“. – განაცხადა გვარამიამ.