განათდა ანძა, დაიკიდა დროშები... - საგარეო უკრაინისადმი სოლიდარობაზე

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ქარდს აქვეყნებს ქვესათაურით – „ჰუმანიტარული დახმარება და სოლიდარობა” და ჩამოთვლის:

  • 1 მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას;
  • დახმარება საქართველოში მყოფ ვიზიტორ უკრაინელებს;
  • 24/7 ცხელი ხაზი უკრაინელი ტურისტებისთვის;
  • თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი უკრაინის სახელმწიფო დროში ფერებში;
  • პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის და საქართველოს დროშები;
  • „საქართველოს ფოსტა” უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათების უკრაინის მიმართულებით.

მათივე თქმით, საქართველომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მყისიერად დააფიქსირა მზაობა და განახორციელა ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარება სხვადასხვა მიმართულებით.

facebook-პოსტში უკრაინისადმი მხარდაჭერის ნაწილში მოყვანილია პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის განცხადებებიც. ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო ორგანიზაციებში:

  • „საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე.
  • თანასპონსორობა გაუწია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ.
  • მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლების შეჩერების შესახებ.
  • ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაზე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი და მტკიცე პასუხის აუცილებლობას.
  • მიუერთდა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ერთობლივ განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
  • გაეროს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე საგანგებო სესიაზე საქართველოს წარმომადგენელმა გააკეთა ეროვნული განცხადება და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან”, – წერს სამინისტრო.