განათლებაზე მომუშავე ორგანიზაციები პარტიებს განათლების დეკლარაციის ხელმწერას სთავაზობენ

პუბლიკა

განათლების საკითხებზე მომუშავე 5 საზოგადოებრივი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებს „განათლების დეკლარაციას” სთავაზობს, რომლის თანახმადაც, მათ უნდა დადონ პირობა, რომ უზრუნველყოფენ განათლების თავისუფლებას პარტიული კონტროლისგან და გაემიჯნებიან განათლების სისტემის პარტიის ინტერესებისთვის გამოყენების მანკიერ პრაქტიკას.

დეკლარაციის ტექსტში ხაზგასმულია, რომ ათწლეულებია, განათლების სისტემის თვისებრივი გაუმჯობესება არ მომხდარა.

გარდა ამისა, მითითებულია, რომ მოსწავლეთა აკადემიური შედეგები ჩამორჩება სასურველ მაჩვენებლებს, შეზღუდულია თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და  რესურსებზე ხელმისაწვდომობა, არ არის უზრუნველყოფილი მოსწავლეთა და მასწავლებელთა, სტუდენტებისა და პროფესორების  კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმები.

სფეროს განვითარებისთვის ერთ-ერთი საკვანძო შემაფერხებელი ფაქტორი კი განათლების სისტემის მმართველი პარტიის მიზნებისთვის დამორჩილებისა და კონტროლის არადემოკრატიული პრაქტიკაა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, გამოიყენონ განათლების სისტემა საარჩევნო მიზნებისთვის, რაც იწვევს პერსონალის პოლიტიკური ნიშნით შერჩევას, დასჯასა და დაჯილდოებას, ხარისხის მართვის მექანიზმების პარტიული ინტერესით გამოყენებას, პოპულისტურ, არამდგრად გადაწყვეტილებებს და სხვა მანკიერ მიდგომებს.

დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია საქართველოს განათლების სისტემის გაჯანსაღება და მისი მდგრადი, შედეგზე ორიენტირებული განვითარება.

ვაცნობიერებთ რა, საკითხის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისათვის, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ განათლების თავისუფლებას პარტიული კონტროლისგან და გავემიჯნებით განათლების სისტემის პარტიის ინტერესებისთვის გამოყენებების მანკიერ პრაქტიკას.

ამ მიზნით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ვიმუშავებთ, რათა დავნერგოთ ამ პრობლემის აღმოფხვრის კონკრეტული მექანიზმები”, – ნათქვამია განათლების დეკლარაციის ტექსტში.

ინიციატივის ავტორები არიან:

  • განათლების პოლიტიკის ცენტრი
  • მშობლები განათლებისთვის
  • კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
  • სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
  • საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანება