განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ამილახვარია

პუბლიკა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს გიორგი ამილახვარის კანდიდატურა წარედგინება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პარტიის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება გიორგი ამილახვარი.

ის მადლობა უხდის გუნდს ნდობისთვის და წერს, რომ განათლება ქვეყნის განვითარების მთავარი ღერძია.

“განათლება და მეცნიერება არის მთავარი ღერძი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი განათლების სისტემა, რომელიც მომავალ თაობებს მისცემს საჭირო უნარებს და ცოდნას, რათა ადეკვატურად გაუმკლავდნენ ქვეყნის შიდა თუ გლობალურ გამოწვევებს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ღირსეულ ადამიანს და კოლეგას შალვა პაპუაშვილი შალვა პაპუაშვილი წარმატებული და შედეგიანი თავმჯდომარეობისთვის კომიტეტში. მან დაამკვიდრა კომიტეტში უაღრესად გუნდური, კოლეგიალური გარემო, უზრუნველყო ფუნქციების და როლების სწორი გადანაწილება.

მისი ხელმძღვანელობით დაინიცირდა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა და მყარი საფუძველი ჩაეყარა მომავალ ამბიციურ რეფორმებს განათლების და მეცნიერების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ ახლა უკვე სპიკერის პოზიციაზე თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული პარლამენტარიზმის განვითარებაში.” – წერს ამილახვარი.

24 დეკემებრს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. კუჭავას აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა, რა თქმა უნდა, არ არის ეს ორი-სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვე არის უკვე გუნდთან ერთად გვქონდა საუბარი, შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ჩემს გუნდთან ერთად“,- განაცხადა კუჭავამ.