განათლების სამინისტრო: ჩინური ენა 15 სკოლაში ისწავლება, მასზე მოთხოვნა მზარდია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ჩინური ენა 15 სკოლაში ისწავლება, თუმცა, მასზე მოთხოვნა მზარდია.

ამიტომ, უწყების ცნობით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე”.

„ქართული ოცნების“ განათლების სამინისტროს თანახმად, დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება.

უწყება ამბობს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, არის ინგლისური ენა.

მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს.

სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს სულ მცირე ორი უცხო ენა.

„დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ – ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული და სხვა ენები. ნებისმიერი ენის დასწავლის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, მოემზადოს შესაბამისად – დაამტკიცოს პროგრამები, შეიმუშაოს სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები და უზრუნველყოს სასწავლო პროცესის სტანდარტის შესაბამისად წარმართვა.

ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე“, – აცხადებს „ქართული ოცნების” განათლების სამინისტრო.