განათლების სამინისტროს განცხადება კოვიდ 19-ით აბიტურიენტის ინფიცირების ფაქტთან დაკავშირებით

პუბლიკა

დღეს განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მყოფ ერთ-ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. გამოცდის დღეს მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებლებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმაც გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა ზომა  მაქსიმალურად არის დაცული, აბიტურიენტების ჯანმრთელობის  დაცვის მიზნით, ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში განთავსდება კარანტინში. მათ ყოველდღიურად ზედამხედველობას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტრო და ყოველი გამოცდის წინ გაივლიან ტესტირებას. უწყების ინფორმაციით,  ისინი სრულად იზოლირებულები იქნებიან სხვა აბიტურიენტებისგან. 

„შემდეგი გამოცდების პერიოდში უზრუნველვყოფთ  იმ აბიტურიენტების ცალკე იზოლირებულ სივრცეში განთავსებას, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ საგამოცდო ოთახში. ჩვენ მზად გვაქვს სპეციალური სივრცეები, სადაც მერხები შემოსაზღვრულია სამმხრივი ბარიერით.

ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ  იქნება მოწოდებული, ზედმიწევნით შესრულდება და გამოცდების მიმდინარეობისას აბიტურიენტებისა და მეთვალყურეების ჯანმრთელობას პრობლემა არ შეექმნება. მადლობა ყველას იმ მაღალი თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ორმხრივად გაზიარებულია როგორც აბიტურიენტების, ასევე ორგანიზატორების მხრიდან“. – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა.