განცდა მაქვს, რომ სასამართლოს და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება - მურუსიძე

პუბლიკა

მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის თქმით, მას აქვს განცდა, რომ სასამართლოსა და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება და მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ უარყოფით კოტნექსტში ახსენებენ სასამართლო სისტემას.

ამის შესახებ მურუსიძემ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა, სადაც სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

„ასეთი განცდა მაქვს, რომ სასამართლოს და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება. თუნდაც ტელევიზიების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების [მხრიდან]. სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებთ, რომელიც უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენენ სასამართლო სისტემას. არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, ვთქვათ, კარგი თუ რამე ხდება სასამართლო სისტემაში ამაზე გაგეკეთებინათ“, – უთხრა ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“.

მურუსიძის თქმით, სასამართლოში ბევრი დადებითი ტენდენციაა და მოუწოდა მედიას, რომ ამ საკითხებითაც დაინტერესებულიყვნენ.

„მაგალითად, კარგი ხდება ის, რომ ძალიან გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. მოქალაქეები სამართალს პოულობენ სასამართლოში. როდესაც გამოკითხვები ხდება, მოქალაქეების 5%-საც კი არ აინტერესებს სასამართლოს გარშემო რა ხდება.

ესე იგი, ბევრი სარჩელები შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნდობა გაიზარდა სასამართლოს მიმართ. სტატისტიკაში არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლოში გაცილებით ნაკლები სარჩელები მიდის.

ამიტომ თუ დაინტერესდებით ძალიან ბევრ რამეს იპოვით, რაც ხდება დადებითი სასამართლოში და ამაზე რატომღაც არ ინტერესდებით“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.