„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა“ - განცხადება

პუბლიკა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოში უცხო ქვეყნის საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი სამიდან დაახლოებით ერთ ქალს მაინც განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა თუნდაც ერთხელ, უმეტეს შემთხვევაში, თავისი ქმრის ან პარტნიორის მხრიდან.

მათი შეფასებით, საქართველოში ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა კვლავაც კრიტიკულ პრობლემად რჩება იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ბევრი სერიოზული ნაბიჯი გადადგა ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ასეთი ძალადობა სათავეს გენდერული უთანასწორობიდან იღებს და, თავის მხრივ, ქალების და გოგოების მიმართ დისკრიმინაციას კიდევ უფრო აძლიერებს. ამის შედეგად კი ჩვენი საზოგადოება ნაკლებად მშვიდობიანი და სამართლიანია, ხოლო ჩვენი ეკონომიკა – ნაკლებად წარმატებული.

ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭიროა კანონმდებლობის გაძლიერება და აღსრულება, ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი პოლიტიკის განხორციელება, და ძალადობის მსხვერპლთა სრული დაცვა და მხარდაჭერა. ამას გარდა, არც ერთი მოძალადე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

ყოველივე ამისთვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა და აღმოფხვრა, რადგანაც ამგვარი ძალადობა ხელს უშლის ქალებს იყვნენ პოლიტიკურად აქტიურნი და ეფექტური წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში.

ქალი კანდიდატების 54 პროცენტს განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა და შევიწროება თავიანთ საარჩევნო კამპანიის, ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში.

პოლიტიკოს ქალთა წინააღმდეგ ხშირად გამოიყენება სექსისტური სიძულვილის ენა სოციალურ მედიაში; ქალებს აკრიტიკებენ, გენდერული იდენტობის, გარეგნობის, ჩაცმულობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების და მორალისტური პრიზმით, “- ნათქვამია განცხადებაში.

განცადების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ სახედ რჩება ეკონომიკური ძალადობა, რომელიც მსხვერპლს აიძულებს დარჩეს მოძალადესთან. გამოწვევად რჩება ანაზღაურებებს შორის გენდერული სხვაობის შემცირება, ფინანსურ რესურსებზე, მემკვიდრეობის უფლებებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე,  შრომის უხილავ და აუნაზღაურებელი ზრუნვის  აღიარებასა და გადანაწილებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.