განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ - ISFED

პუბლიკა

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ, – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.

ამ კუთხით, ანგარიშში საუბარია 2 შემთხვევაზე:

„ზუგდიდში – „ლელოს“ წევრ ქალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, ფეისბუქზე საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით.

პარტიის წარმომადგენლების თქმით, გრძელდება ,,ლელოს” წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი, რაც მანკიერ პრაქტიკად იქცა და, არასდროს ხდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადეკვატური რეაგირება. „ლელოს” ქალთა საბჭოს ხელმძღვანელის, მედეა მეტრეველის განცხადებით, პარტია მოითხოვს ლაშა გვასალიას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.

თბილისი – „სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია მისი გუნდის წევრი ქალის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ. იგი თანაგუნდელის ვინაობის შესახებ მისი პერსონალური ინფორმაციის დაცვის გამო არ საუბრობს”, – წერს ISFED.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქალი ოპოზიციონერების მიმართ ამგვარი შანტაჟის შემთხვევათა გამოძიება და დამნაშავეთა ადეკვატურად დასჯა საგამოძიებო ორგანოთა პრიორიტეტი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდაჭერის განცხადებები ფორმალურ, უშინაარსო ლოზუნგებად დარჩება.