განვიხილეთ რუსეთის მიერ რეგიონში შექმნილი ვითარებაც - დეგნანი უმრავლესობის ლიდერებთან შეხვედრაზე

პუბლიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელის დეგნანმა უმრავლესობის ლიდერებთან – შალვა პაპუაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განხილვის ერთ-ერთი საკითხი რეგიონში შექმნილ ვითარებას და რუსულ აგრესიას ეხებოდა.

„საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება. ასევე, განვიხილეთ უკრაინის საკითხი, დაძაბულობა და უსაფრთხოების კუთხით რუსეთის მიერ რეგიონში შექმნილი ვითარება, რუსეთის აგრესიული ქმედებები, რათა ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაცია მოახდინოს და ასევე ვისაუბრეთ ძალის გამოყენების საფრთხეზე. ცხადია, ეს არის ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის, მთლიანად რეგიონისთვის და ყველა ჩვენგანისთვის იმ კუთხით, რომ დავიცვათ ის ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპები, რაზეც უკვე 30 წელზე მეტია, მშვიდობიანად დგას ევროპის უსაფრთხოება“, – განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანის თქმით, დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები მომდევნო საკანონმდებლო სესიებზე იქნება სასამართლო რეფორმა, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. ასევე, იქნება მუშაობა დემოკრატიის გაძლიერების ისეთ მიმართულებებზე, რომლის შესრულების პირობა საქართველომ ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე დადო.

„ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა მთლიანად საქართველოს პოლიტიკური სპექტრისთვის, იმუშაონ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორც საგარეო მიმართულებით, როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის მხრიდან აგრესიაზე, ასევე შიდა საკითხების გადაჭრის კუთხით, იქნება ეს ეკონომიკის აღდგენა, კორონავირუსთან ბრძოლა, თუ სხვადასხვა სოციალური პრობლემა. აშშ საელჩო ამაყობს, რომ თანამშრომლობს საქართველოსთან სხვადასხვა საკითხში, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, განათლება, ეკონომიკის აღდგენა და კორონავირუსთან ბრძოლა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.