შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნოდარ მელაძისა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის შესაძლო სიცოცხლის ხელყოფის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოძიება დაიწყო. „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
როგორც „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ამბობს, დღეს ის დაინტერესდა, რას აკეთებს და სად არის შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ, როდესაც მედია ჟურნალისტის ლიკვიდაციის შესახებ ავრცელებს ამბავს. ამის შესახებ დღეს მან ტელევიზიით ისაუბრა. მელაძის მტკიცებით, სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდა მას უწყება.
ნოდარ მელაძის განცხადებითვე, გამოძიების ფარგლებში შსს მზადაა, ის და ჩიხლაძე ჩასვას მოწმეთა დაცვის პროგრამაში და შესთავაზეს სახელმწიფო დაცვა.
მელაძის თქმითვე, საგამოძიებო უწყებაში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მისი და მაკა ჩიხლაძის გამოკითხვის საჭიროებას ვერ ხედავენ.
9 მარტს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ლევან მამალაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა, შემდეგ კი ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილის საუბრის ჩანაწერებიდან გაიგო, რომ გეგმავენ ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის ხელყოფას.
სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს და მიღებულ დოკუმენტსაც აქვეყნებს.
„განჩინებით ირკვევა, რომ პროკურატურამ მოითხოვა არა ის აუდიოჩანაწერები, სადაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი, არამედ რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს“, – ამბობს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ეთუნა ინწკირველი.
როგორც ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ამბობს, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ მათი მიზანია, როგორმე პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე. „ჩვენი მოვალეობაა, ჟურნალისტების, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი“, – ამბობს ის.