გაოცებული ვარ მაკრონისა და შოლცის პუტინთან მოლაპარაკებით. ვინმე ასე ესაუბრებოდა ჰიტლერს? - დუდა

პუბლიკა

„გაოცებული ვარ მოლაპარაკებით, რომელსაც ახლა კანცლერი შოლცი და პრეზიდენტი მაკრონი პუტინთან აწარმოებენ… ვინმე ასე ესაუბრებოდა ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს? ვინმემ თქვა, რომ ადოლფ ჰიტლერს სახე უნდა შეენარჩუნებინა?“, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ Bild-თან განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე პუტიnთან რამეზე შეთანხმება შეუძლებელია.

„გაოცებული ვარ მოლაპარაკებით, რომელსაც ახლა კანცლერი შოლცი და პრეზიდენტი მაკრონი პუტინთან აწარმოებენ. ამაოა ეს მოლაპარაკებები. რას აკეთებენ? ისინი მხოლოდ უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირის ლეგიტიმაციას ახდენენ. ის არის პასუხისმგებელი ამაზე. მან მიიღო გადაწყვეტილება იქ ჯარების გაგზავნაზე. მეთაურები ვლადიმერ პუტინის დაქვემდებარებაში არიან. ვინმე ასე ესაუბრებოდა ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს? ვინმემ თქვა, რომ ადოლფ ჰიტლერს სახე უნდა შეენარჩუნებინა? ვინმემ თქვა, რომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? ასეთი რამ მე არ მსმენია“, – განაცხადა დუდამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა საფრთხეს, რომ რუსეთი შეიძლება პოლონეთსაც დაესხას თავს, ანჯეი დუდამ 2008 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. მისი თქმით, პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე ომზე განაცხადა, რომ რუსულმა იმპერიალიზმმა თავი აღიდგინა და ის არ გაჩერდება.

„დღეს არის საქართველო, ხვალ შეიძლება იყოს უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და ჩემი ქვეყანა პოლონეთი. ეს იყო 2008 წლის აგვისტოში და ჩვენ ყოველთვის ძალიან სერიოზულად ვუყურებდით მის სიტყვებს“, – თქვა დუდამ.