გარდაბანში 15 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების გამო, 4 პირს ბრალი წარედგინა - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურამ გარდაბანში ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე დაკავებულ 4 პირს ბრალდება წარუდგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 07 იანვარს გარდაბნის რაიონში ე.ბ, დედასთან – ც.ა.-სთან და ბიცოლასთან – ბ.ბ-სთან ერთად შეიჭრა ს.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში, 15 წლის ს.ბ. ძალით გამოიყვანეს სახლიდან, ჩასვეს ავტომანქანაში და გ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც ა.ბ.-მ დაზარალებული დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ოთახში გამოკეტა და არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას.

ხოლო მას შემდეგ, რაც გამტაცებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ს.ბ.-სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიება, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, მათ  დაზარალებული არასრულწლოვანი სახლში დააბრუნეს”, – წერს პროკურატურა.

უწყება წერს, რომ სამართალდამცველებმა ე.ბ., ც.ა., ბ.ბ. და ა.ბ. 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.