გარდაბნის თბოელექტროსადგურის თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით მეორე დღეა აქციას მართავენ

პუბლიკა

გარდაბნის თბოელექტროსადგურის თანამშრომლები მეორე დღეა, აქციას მართავენ. „თბილსრესის“ 200-ზე მეტი თანამშრომელი ხელფასის 50%-ით მატებას და პრემია-დანამატების დარიცხვას მოითხოვს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ანაზღაურების მომატებას მაისიდან მოითხოვენ, მაგრამ „თბილსრესის“ ხელმძღვანელობას ხელფასი დღემდე არ გაუზრდია.

„ჩვენი მოთხოვნა იყო, 50%-ით მოემატებინათ ხელფასები. შევხვდით დირექციას და გვითხრეს, რომ ვერ მოგვიმატებდნენ ხელფასს იმის გამო, რომ სემეკი ტარიფს არ გვიმატებსო.

ველაპარაკეთ სემეკსაც და ამბობენ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, დირექციიდან გვაქვს გადმოცემული თქვენი სახელფასო ტარიფებიო და ისიც გვითხრეს, რამდენი იყო ხელფასი – თითო მუშაზე ყოფილა 1790 ლარი და მაგის ნახევარსაც არ იღებს ხალხი“, – თქვა აქციის მონაწილემ ქვემო ქართლის ტელევიზია TV 4-თან.

აქციის მონაწილეებთან არიან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებიც. ამირან ზენაიშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ აქციის მონაწილეები „თბილსერვისის“ დირექციას დღეს კიდევ ერთხელ შეხვდებიან და მოისმენენ მათ პოზიციას.

აქციის მონაწილეები ამბობენ, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გარდაბნის თბოელექტროსადგურთან აქციებს არ შეწყვეტენ.

„პუბლიკა“ ცდილობს „თბილსრესის“ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას.

LB loan image desktop LB loan image mobile