გარდაბნის თბოელექტროსადგურის თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ. „თბილსრესთან“ შეკრებილები მესამე დღეა აქციას მართავენ და დირექციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვენ.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი ამირან ზენაიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ დირექცია თანამშრომლებს 1 იანვრიდან პირობების გარკვეულწილად გაუმჯობესებას დაჰპირდა, მაგრამ საბოლოოდ მოლაპარაკება ვერ დაასრულეს.
„დირექციამ თანამშრომლებს 1 იანვრიდან ხელფასების 20%-ით გაზრდა შესთავაზა, დაჰპირდა პრემია-დანამატების დანიშვნას და საღამოს საათებში დამატებით მუშაობისას ანაზღაურების მომატებას, მაგრამ დასაქმებულები 50%-ით მომატებას ითხოვდნენ და ჯერჯერობით აქცია გრძელდება“, – უთხრა „პუბლიკას“ ამირან ზენაიშვილმა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ანაზღაურების მომატებას მაისიდან უშედეგოდ მოითხოვენ.