გარდაცვლილი დეპუტატის საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

ბათუმში ახლად არჩეული საკრებულოს დეპუტატის, ენმ-ის გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს-ში ამბობენ, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულ იქნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

„საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან: გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი”, – ამბობენ შსს-ში.


გუშინ ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ ბრიფინგი გამართა. მან ბათუმის ახლად არჩეული საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლაზე ისაუბრა და აუდიოჩანაწერები წარმოადგინა.

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი ზეწოლას ახდენდა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ნუგზარ ფუტკარაძე სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებლისგან გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა, რაც ნერვიულობას უკავშირდება.